საქართველოს ბანკის მდგრადი პრაქტიკები

საქართველოს ბანკმა მომდევნო წლებისთვის ცოტა ხნის წინ განაახლა ESG სტრატეგია, რომელიც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, სარეიტინგო სააგენტოების, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის ანალიზსა და ESG არსებითობის შეფასებას (ESG Materiality Assessment) ეყრდნობა.

ESG სტრატეგიის განსაზღვრისას, საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი იყო, მოესმინა საკუთარი სტეიქჰოლდერებისთვის, გაეგო რა საკითხებია მათთვის პრიორიტეტული, რას ელიან ისინი ბანკისგან. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკში, პარტნიორი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის – Global Climate Partnership Fund (GCPF)-ის მხარდაჭერით შეიმუშავეს ESG არსებითობის შეფასება, რომლის ფარგლებშიც გამოკითხეს ინვესტორები, პარტნიორი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, მომხმარებლები და თანამშრომლები. ESG სტრატეგია მათი პოზიციის გათვალისწინებითა და კვლევის ანალიზის საფუძველზე განახლდა.

2024 წლიდან, საქართველოს ბანკის ESG სტრატეგია 4 ძირითად მიმართულებაზე იქნება ორიენტირებული. ესენია: მმართველობა და მთლიანობა, ფინანსური ინკლუზიურობა; მდგრადი დაფინანსება და თანამშრომელთა გაძლიერება. საქართველოს ბანკის მდგრადობის სტრატეგიაზე საუბრობს ანა ოსაძე, ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელი.

რა ფინანსურ პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობთ თქვენს მომხმარებლებს, რომლებიც შემუშავებულია სოციალური და გარემოსდაცვითი კრიტერიუმების გათვალისწინებით? როგორ ახდენთ გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) პრინციპების ინტეგრირებას ბიზნეს ოპერაციებში და რას აკეთებს საქართველოს ბანკი გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევების საპასუხოდ?

საქართველოს ბანკის ESG სტრატეგია ბიზნეს სტრატეგიის ნაწილია, რაც ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ იგი მთლიანად არის ინტეგრირებული ბანკის ბიზნეს პროცესებში. ამასთან, სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება მდგრადი დაფინანსებაა, რაც ახალი, მწვანე – ენერგოეფექტური და კლიმატმეგობრული პროდუქტების შექმნას გულისხმობს. ეს კი, თავის მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მექანიზმია გარემოს დაცვასა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე საპასუხოდ. გარდა ამისა, ბანკში დანერგილი გვაქვს გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების შეფასების ძლიერი სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ეფექტიანად ვმართოთ ფინანსურ რესურსებთან დაკავშირებული რისკები და ჩვენს მომხმარებლებს დავეხმაროთ თავიდან აიცილონ უარყოფითი ფინანსური, გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედებები.

ხუთი ქართული ბანკი ახორციელებს მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით სესხების გაცემას, რა არის ძირითადი გამოწვევები ამ მიმართულებით?

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია მდგრადი ეკონომიკისა და მომავლისკენ და საქართველოს ბანკში ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი მწვანე დაფინანსება გავცეთ და შესაბამისი ანგარიშგება მოვახდინოთ ჩვენს მარეგულირებელთან. ჩვენი საკანონმდებლო ჩარჩო მუდმივად ვითარდება. ამ შემთხვევაში, ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიმამ გარკვეულწილად გაუსწრო ჩვენს საკანონმდებლო ჩარჩოს. მისი მოთხოვნები, მოცემულ მომენტში, ბიზნესისთვის ჯერ კიდევ უცხოა. შესაბამისად, ამ მიმართულებით არის მცირე გამოწვევები, რომლებიც, ბუნებრივია, დროთა განმავლობაში ამოივსება და ეს გამოწვევაც დაიძლევა.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს ბანკში დანერგილია მდგრადი შესყიდვების პრინციპები, რა გამოწვევებია ამ პრინციპების განხორციელებასთან დაკავშირებით?

დიახ, ჩვენ, როგორც მაღალი ეთიკური სტანდარტების მქონე ორგანიზაცია, და, ამავდროულად, ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემსყიდველი ბაზარზე, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმას, თუ ვინ არიან ჩვენი მომწოდებლები და რა ღირებულებებს ატარებენ ისინი. შესაბამისად, ორგანიზაციაში გვაქვს მომწოდებელთა ეთიკის კოდექსი, რომელიც საქართველოს ბანკის ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ არის დამტკიცებული. კოდექსი განსაზღვრავს იმ მინიმალურ სტანდარტებსა და მოთხოვნებს, რომლებსაც ჩვენი ყველა მომწოდებელი უნდა აკმაყოფილებდეს იმისთვის, რომ მათთან საქმიანი ურთიერთობა გვქონდეს. კერძოდ, ის ითვალისწინებს ისეთ მნიშვნელოვან პრინციპებს, როგორებიცაა: ადამიანის უფლებების პატივისცემა, იძულებითი შრომისა და ბავშვთა შრომის აკრძალვა, დისკრიმინაციისა და შევიწროების აკრძალვა, მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, გარემოს მდგრადობა, ცირკულარული ეკონომიკა, კორუფციისა და ქრთამის აღების აკრძალვა, ინფორმაციული უსაფრთხოება, რისკების მართვა, გამჭვირვალობა და რეპორტინგი. აღსანიშნავია ისიც, რომ ვატარებთ მომწოდებლების სამართლებრივ შემოწმებასა (Due Diligence) და შეფასებას. ყველაზე დიდი გამოწვევა ამ მიმართულებით მონაცემების შეგროვებაა, რადგან უამრავი მომწოდებელი გვყავს, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ რაიმე განსაკუთრებულ გამოწვევებს ვხვდებით.

რა უპირატესობების მომტანი იქნება მდგრადი პრაქტიკების დანერგვა უშუალოდ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის?

დღევანდელ, მუდმივად განვითარებად სამყაროში, აღარ ისმის კითხვა, საჭიროა თუ არა მდგრადი პრაქტიკების დანერგვა ბიზნესში. მეტიც, ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია გრძელვადიანი, წარმატებული ბიზნესისთვის, იქნება ეს მცირე და საშუალო ბიზნესი თუ დიდი კორპორაცია. შეხედულება, რომ მდგრადობა ბიზნესს მხოლოდ აძვირებს, სიმართლეს არ შეესაბამება. დღეს არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ კომპანიები, რომლებსაც ძლიერი მდგრადობის პრაქტიკები აქვს დანერგილი, ამავდროულად ყველაზე მაღალშემოსავლიანები და მდგრადები არიან როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. მდგრადი პრაქტიკები ისეთ მნიშვნელოვან ბენეფიტებს უკავშირდება, როგორებიცაა რისკების შემცირება, კონკურენტუნარიანობა, მომხმარებლის მოთხოვნებთან შესაბამისობა და სხვა. შესაბამისად, ცხადია, რომ მდგრადი პრაქტიკების დანერგვა ძალიან დიდი უპირატესობის მომტანია ბიზნესებისთვის.

ხდება თუ არა დღეს გარემოსდაცვითი და სხვა, მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული, რისკების გათვალისწინება ბიზნესის შეფასებისას?

საქართველოს ბანკში 2012 წლიდან ვახორციელებთ გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების შეფასებას. პრაქტიკები დღითიდღე იხვეწება და ჩვენი მიდგომებიც შესაბამისად ვითარდება. დღეს გარემოსდაცვითი და სოციალური რისკები ჩვენი რისკების ჩარჩოს ინტეგრირებული ნაწილია და ფინანსურ რისკებთან ერთად, ბიზნესების დაკრედიტების ნაწილში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი მდგრადი დაფინანსების განვითარება ქვეყნისა და საზოგადოებისთვის? ასევე რა ზეგავლენა ექნება მას საინვესტიციო კლიმატის განვითარებაზე?

მდგრადი დაფინანსების განვითარება ქვეყანაში პირდაპირ არის დაკავშირებული რისკების შემცირებასთან, კლიმატური ცვლილებების შერბილებასა და გაუმჯობესებულ სოციალურ მდგომარეობასთან. ის ხელს უწყობს ქვეყნის მდგრად ეკონომიკაზე გადასვლას და პირდაპირაა დაკავშირებული გრძელვადიანობასა და სტაბილურობასთან, რაც დადებითად აისახება როგორც საზოგადოებაზე, ასევე ქვეყანასა და საინვესტიციო კლიმატზე.

რატომ არის მნიშვნელოვანი ფინანსური განათლების მხარდაჭერა და რა როლი აკისრია ამ პროცესში კერძო სექტორს? რას აკეთებს საქართველოს ბანკი ამ მიმართულებით? როგორ უნდა გააქტიურდეს ფინანსური განათლების ხელშეწყობა, მათ შორის, მდგრადი დაფინანსების შესახებ როგორც საფინანსო ინსტიტუტებში, ასევე საზოგადოებაში?

ფინანსური განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, წლის განმავლობაში მრავალი პროექტი განვახორციელეთ, რომელთა ფარგლებშიც შევხვდით 10,000-მდე მოსწავლეს.
პარტნიორებთან ერთად ჩავატარეთ ეკონომიკისა და ფინანსური განათლების პირველი ოლიმპიადა (GELi & USAID) და ასევე, პირველად დავაინტეგრირეთ ფინანსური განათლების კომპონენტი sCoolapp-ში (პირველი აპლიკაცია მოსწავლეებისთვის) იმ მიზნით, რომ ხელი შევუწყოთ სწორი ფინანსური ჩვევების ადრეული ასაკიდან გამომუშავებას. sCoolapp-ს აქვს ფინანსური განათლების ისეთი ელემენტები, რომლებიც მოსწავლეებს ეხმარება მიიღონ ფინანსური განათლება- გაითავისონ ფინანსების მართვის მნიშვნელობა, ეკონომიკური აზროვნება და დაგეგმონ საკუთარი ბიუჯეტი დამოუკიდებლად.
ადრეულ ასაკში თეორიული ცოდნის მიღება და უნარ-ჩვევების გამომუშავება დაეხმარება მათ, მიიღონ პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებები მომავალში, რაც, ვიმედოვნებთ, რომ დადებით ზეგავლენას იქონიებს ქვეყნისა და საზოგადოების ეკონომიკურ კეთილდღეობაზე.

რამდენად მნიშვნელოვანია მულტისექტორული თანამშრომლობა ფინანსურ ინსტიტუტებს, განვითარების ბანკებსა და სამოქალაქო სექტორს შორის იმისათვის, რომ ხელი შეეწყოს მდგრადი დაფინანსების განვითარებას საქართველოში?

ცხადია, ფინანსურ ინსტიტუტებს – კომერციულ ბანკებს – უდიდესი და წამყვანი როლი აკისრია მდგრადი დაფინანსების ხელშეწყობის მიმართულებით. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია განვითარების ბანკების როლი, რადგან ისინი ერთგვარი პოლიტიკის გამტარებლები არიან ამ მიმართულებით და ცდილობენ თავიანთი დაფინანსება სწორედ მდგრადობისკენ მიმართონ. რაც შეეხება სამოქალაქო სექტორს, მათ როლს უფრო ცნობიერების გაზრდისა და ESG აქტივობების მხარდაჭერის მიმართულებით ვხედავ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური თემა სწორედ მდგრადობაა, ის ჯერ მაინც ახალია და ინფორმაციის, მათ შორის, პროფესიონალების ნაკლებობას განვიცდით ამ მიმართულებით.

გააზიარე: