სასტუმრო ბილტმორ თბილისის მდგრადობის პრიორიტეტები

სასტუმრო ბილტმორ თბილისი (Biltmore Tbilisi) საქართველოს დედაქალაქის ცენტრში, ისტორიულ უბანში 2016 წელს გაიხსნა. ბიზნეს კლასის სასტუმრო სტუმრებზე, თანამშრომლებსა და გარემოს კეთილდღეობაზე ზრუნვას კორპორაციული პასუხისმგებლობის განმსაზღვრელ სტრატეგიად მიიჩნევს. ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა, სადაც თანამშრომლებს ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა ექნებათ, ბილტმორ თბილისის ფილოსოფიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

სასტუმროს მდგრადობის სტანდარტზე Dhabi Group Georgia-ს გენერალური დირექტორი ენდრიუ ადელ ბიშაი აბდელმესიჰი საუბრობს.  

როგორია თქვენი კომპანიის კორპორაციული პასუხისმგებლობა და რამდენად მნიშვნელოვანად მიგაჩნიათ იგი?

კორპორაციული პასუხისმგებლობა სასტუმრო ბილტმორ თბილისისთვის (The Biltmore Tbilisi Hotel) უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენი ძალისხმევა მიმართულია სოციალური, ეკოლოგიური და ეკონომიკური მდგრადობის პატივისცემაზე. ეს მოიცავს მდგრადი მიდგომების პოპულარიზაციას, ადგილობრივი თემების მხარდაჭერას, ჩვენი სტუმრებისა და თანამშრომლების  კეთილდღეობის უზრუნველყოფასა და ასევე, გარემოს დაცვაზე ზრუნვას. გვჯერა, რომ ამ პრინციპებზე დაფუძნებით შევძლებთ წვლილი შევიტანოთ მოსახლეობის საყოველთაო კეთილდღეობაში.

რომელი მდგრადი განვითარების მიზნებია თქვენთვის პრიორიტეტული და ასახულია თუ არა ისინი თქვენს ბიზნეს სტრატეგიაში?

სასტუმრო ბილტმორ თბილისი მის პრიორიტეტებს რამდენიმე მდგრადი განვითარების მიზანს უკავშირებს. მათ შორის, მე-8 მიზანს (ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა), მე-11 მიზანს (მდგრადი ქალაქები და დასახლებები) და მე-12 მიზანს (მდგრადი მოხმარება და წარმოება). ეს მიზნები ჩვენი ბიზნეს სტრატეგიის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ, რამდენადაც ჩვენ ვცდილობთ პოზიტიური შედეგები მოვიპოვოთ მდგრადი ოპერაციების, სამუშაო ადგილების შექმნის, საზოგადოების ჩართულობისა და რესურსების მდგრადი მართვის გზით.

რატომ გადაწყვიტეთ გამხდარიყავით გაეროს გლობალური შეთანხმების წევრი და რას ეტყოდით სხვა კომპანიებს, რატომ უნდა შეუერთდეს ამ ინიციატივას კერძო სექტორი?

ჩვენ ვამაყობთ გაეროს გლობალური შეთანხმების წევრობით, რადგან მტკიცედ გვწამს თანამშრომლობისა და ერთობლივი ქმედების ძალა. გლობალური შეთანხმება ბიზნესისთვის ქმნის პლატფორმას, რაც კომპანიებს ეხმარება მათი მიდგომები უნივერსალურ პრინციპებს შეუთავსონ და ამგვარად ხელი შეუწყონ მდგრადი განვითარების მიღწევას. ამ ინიციატივის მხარდაჭერით, კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა გააძლიერონ სანდოობა, ჰქონდეთ წვდომა ღირებულ რესურსებზე და გახდნენ გლობალური ქსელის ნაწილი, რომელიც ხელს უწყობს პასუხისმგებლიან ბიზნესქცევას. ერთიანი ძალებით ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ პოზიტიური ცვლილებები და შევქმნათ უფრო მდგრადი მომავალი.

რატომ არის კორპორაციული მდგრადობა მნიშვნელოვანი კომპანიისთვის? რა სიახლის სწავლა შეუძლიათ ქართულ ბიზნესებს თქვენგან? გთხოვთ გვითხრათ თქვენი აზრი გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობის შესახებ.

კორპორაციული მდგრადობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი კომპანიისთვის, რადგან ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი საქმიანობა გავლენას ახდენს გარემოზე, მოსახლეობასა და ეკონომიკაზე. მდგრადი მიდგომების პრიორიტეტიზაციის გზით, შეგვიძლია შევამციროთ უარყოფითი ზემოქმედება და მაქსიმალურად გავზარდოთ დადებითი გავლენა. ქართულ ბიზნესს შეუძლია ჩვენგან ისწავლოს მდგრადი მოდგომების დანერგვის პრაქტიკა, რესურსების მდგრადი მართვა და სტრატეგიებში სოციალური და გარემოსდაცვის საკითხების ინტეგრირება. გამოცდილების გაზიარება ძალზედ მნიშვნელოვანია, რამდენადაც ეს იძლევა ცოდნის გაცვლის შესაძლებლობას, ხელს უწყობს ინოვაციების განვითარებასა და შთააგონებს სხვებს, გაატარონ ქმედითი ზომები მდგრადობის მისაღწევად.

რას ნიშნავს თქვენთვის მდგრადი ბიზნესი და რატომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა კერძო სექტორმა მისი საქმიანობით გამოწვეულ უარყოფით გავლენაზე?

ჩემთვის პასუხისმგებლიანი კომპანია სცილდება მხოლოდ ფინანსური წარმატების ასპექტსა და ითვალისწინებს მისი საქმიანობის გავლენას ადამიანებზე და პლანეტაზე. ეს ნიშნავს ჩვენი ქმედებების შედეგებზე ანგარიშვალდებულებასა და დადებითი ცვლილებებისთვის მუშაობას. კერძო სექტორი გადამწყვეტ როლს ასრულებს მისი საქმიანობით გამოწვეული უარყოფითი გავლენის აღმოფხვრაში. პასუხისმგებლობის აღებით ბიზნესს შეუძლია წვლილი შეიტანოს მდგრად განვითარებაში და შექმნას ღირებულება, როგორც საზოგადოებისთვის, ასევე საკუთარი წარმატებისთვის. პასუხისმგებელი კომპანიები აღნიშნულ შედეგს აღწევენ მდგრადი მიდგომების დანერგვითა და სოციალური და გარემოსდაცვითი ასპექტების ინტეგრირებით მათ სტრატეგიებში. ამგვარი მიდგომებით ისინი გვიკვალავენ გზას უფრო ინკლუზიური და ეკოლოგიურად უსაფრთხო მომავლისკენ.

“კორპორაციული მდგრადობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი კომპანიისთვის, რადგან ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი საქმიანობა გავლენას ახდენს გარემოზე, მოსახლეობასა და ეკონომიკაზე.

7 წელი დარჩა 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგის განხორციელებისთვის, შესაძლებელია თუ არა მდგრადი განვითარების მიზნების უფრო ეფექტურად მიღწევა მთავრობას, კერძო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის მრავალსექტორული პარტნიორობით?

Რა თქმა უნდა შესაძლებელია. მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა მოითხოვს თანამშრომლობით მიდგომასა და მულტისექტორული პარტნიორობის ჩამოყალიბებას. მთავრობებს, კერძო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებას აქვთ თავიანთი ძლიერი მხარეები და ხედვები. ჩვენი ძალისხმევის გაერთიანებით და ჩვენს ხელთ არსებული რესურსების, ცოდნისა და ქსელების გამოყენებით, შეგვიძლია ვუპასუხოთ მდგრადი განვითარების მიზნებით განხორციელებასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და მივაღწიოთ მნიშვნელოვან ცვლილებებს. ეს პარტნიორობა ხელს უწყობს ინოვაციას, აძლიერებს ეფექტურობასა და განაპირობებს უფრო ინკლუზიურ და მდგრად მომავლს ყველასთვის.

გვითხარით თქვენი გეგმების შესახებ. რა სახის პროექტების განხორციელებას გეგმავთ სამომავლოდ?

მომავალში დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე საინტერესო პროექტი. ძირითად აქცენტს ვაკეთებთ ჩვენი საქმიანობის მდგრადობასა და სტუმრების დადებითი გამოცდილების კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე. ამასთან, ვიკვლევთ განლევადი ენერგიის რესურსების მოხმარების შემცირების შესაძლო გზებს, ნარჩენების შემცირებისა და განახლებადი რესურსების გამოყენების შესაძლებლობებს. გარდა ამისა, ჩვენი მიზანია ვითანამშრომლოთ ადგილობრივ მოსახლეობასთან სოციალური ინიციატივების მხარდასაჭერისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ხელშეწყობისთვის. მუდმივი ინოვაციებითა და მდგრადი მიდგომების დანერგვით, ვიძენთ განსაკუთრებულ გამოცდილებასა და ვცდილობთ დადებითი გავლენა ვიქონიოთ, როგორც ადამიანებზე, ასევე გარემოზე.

გააზიარე: