შვედეთის ინსტიტუტის პროგრამები საქართველოში

შვედეთის ინსტიტუტი მუშაობს შვედეთის პოპულარიზაციის, ბალტიის ზღვის რეგიონთან თანამშრომლობისა და გლობალური განვითარების საკითხებზე. ორგანიზაცია საზღვარგარეთ ავრცელებს ინფორმაციას შვედეთის შესახებ და იკვლევს, თუ როგორ აღიქვამენ შვედეთს სხვა ქვეყნებში. შვედეთის ინსტიტუტის როლია შვედეთის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, მათ შორის მუშაობა მდგრადობისა და 2030 წლის დღის წესრიგის მიმართულებით.

საქართველოში შვედეთი ახორციელებს შვედეთის ინსტიტუტის შემოქმედებითი პარტნიორობის პროგრამას (SI Creative Partnerships Programme), რომელიც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, კულტურისა და მედიის სფეროში მოქმედი ორგანიზაციებისთვისაა. პროგრამა მხარს უჭერს პროექტებს, რომელთა მიზანია დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების ხელშეწყობა. ასევე ხორციელდება შვედეთის ინსტიტუტის ბალტიის ზღვის სამეზობლო პროგრამა (SI Baltic Sea Neighbourhood Programme).

სტუდენტებისთვის არის შვედეთის ინსტიტუტის გლობალური პროფესიონალების სამაგისტრო პროგრამა (SI Scholarship for Global Professionals). ამასთან, შვედეთის ინსტიტუტი აფინანსებს ლიდერობის ორ სხვადასხვა პროგრამას. შვედეთის ინსტიტუტის ახალგაზრდა პროფესიონალთა აკადემია (SAYP) არის ლიდერობის პროგრამა საჯარო მმართველობის სფეროს ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის და ლიდერობის პროგრამა შვედეთის ინსტიტუტის ლიდერთა ლაბორატორია (SI Leader Lab) ღიაა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ლიდერთათვის.

შვედეთის ინსტიტუტის საქმიანობის შესახებ გვიამბობს შვედეთის ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, კურტ ბრათერბი.

შვედეთის ინსტიტუტი (SI) საჯარო უწყებაა, რომლის მიზანია შვედეთის მიმართ შექმნას ინტერესი და ნდობა მსოფლიოში. მოგვიყევით შვედეთის ინსტიტუტის საქმიანობის შესახებ.

შვედეთის ინსტიტუტი მუშაობს შვედეთის პოპულარიზაციის, ბალტიის ზღვის რეგიონთან თანამშრომლობისა და გლობალური განვითარების საკითხებზე. ორგანიზაცია საზღვარგარეთ ავრცელებს ინფორმაციას შვედეთის შესახებ და იკვლევს, თუ როგორ აღიქვამენ შვედეთს სხვა ქვეყნებში. ამავე დროს, ჩვენ ხელს ვუწყობთ საერთაშორისო კავშირებისა და თანამშრომლობის ჩამოყალიბებას. ჩვენი მიზანია შვედეთის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ფიზიკურ პირებთან, ორგანიზაციებთან და უცხო ქვეყნებთან კარგი ურთიერთობების დამყარება. შვედეთის ინსტიტუტი სხვადასხვა გზებით ავრცელებს ინფორმაციას შვედეთის შესახებ – ციფრული არხებით და ბეჭდური მასალებით, შვედური ენის შესწავლაში დახმარების აღმოჩენით მსოფლიოს მასშტაბით და შვედეთის განათლების სისტემის პოპულარიზაციის გზით.

ბალტიის ზღვის რეგიონში თანამშრომლობის ფარგლებში შვედეთის ინსტიტუტი აფინანსებს ფიზიკური პირების, ორგანიზაციებისა და კომპანიების გაცვლით და ერთობლივ პროექტებს. სასწავლო გრანტების გაცემის, ლიდერობის პროგრამების ორგანიზებისა და ადგილობრივ კურსდამთავრებულთა ქსელების მხარდაჭერის გზით ჩვენ ვამყარებთ ურთიერთობებს მთელი მსოფლიოს ახალგაზრდა ლიდერებთან და ხელს ვუწყობთ გლობალურ განვითარებას. მისიის ფარგლებში წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია გვესმოდეს, თუ როგორ აღიქმება ჩვენი ქვეყანა. ამიტომ ვაკვირდებით და ვიკვლევთ შვედეთის შესახებ შექმნილ წარმოდგენას უცხოეთში. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ, თუ რას წერენ შვედეთის შესახებ საერთაშორისო ახალი ამბების მედია და ციფრული პლატფორმები, ვატარებთ კვლევებს და ვაკვირდებით შვედეთის რეიტინგს სხვადასხვა ინდექსის შესაბამისად.

შვედეთის ინსტიტუტი აფინანსებს ფიზიკური პირების, ორგანიზაციებისა და კომპანიების გაცვლით და ერთობლივ პროექტებს. რომელი პროექტები ხორციელდება საქართველოში და დაფინანსების რა შესაძლებლობები არის ხელმისაწვდომი ქართველი სტუდენტებისთვის?

საქართველოში შვედეთის ინსტიტუტი ორი სახის პროექტებს ახორციელებს. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, კულტურისა და მედიის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებს შვედ პარტნიორთან თანამშრომლობით შეუძლიათ განაცხადი შემოიტანონ შვედეთის ინსტიტუტის შემოქმედებითი პარტნიორობის პროგრამაზე (SI Creative Partnerships Programme). პროგრამა მხარს უჭერს პროექტებს, რომელთა მიზანია დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების ხელშეწყობა. ამასთან, შვედეთის ინსტიტუტის ბალტიის ზღვის სამეზობლო პროგრამა (SI Baltic Sea Neighbourhood Programme) აფინანსებსპროექტებს, რომელთა ფარგლებში შვედეთის ორგანიზაციები მუშაობენ ტრანსსასაზღვრო გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე ბალტიის ზღვისპირეთის ევროკავშირის ქვეყნების, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ორგანიზაციებთან ერთად.

ინდივიდუალურ დონეზე საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ განაცხადი შემოიტანონ და მიიღონ სრული დაფინანსება შვედეთის ინსტიტუტის გლობალური პროფესიონალების სამაგისტრო პროგრამაზე (SI Scholarship for Global Professionals) შვედეთში. ამასთან, შვედეთის ინსტიტუტი აფინანსებს ლიდერობის ორ სხვადასხვა პროგრამას. შვედეთის ინსტიტუტის ახალგაზრდა პროფესიონალთა აკადემია (SAYP) არის ლიდერობის პროგრამა საჯარო მმართველობის სფეროს ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, რომლის მიზანია ცნობიერების ამაღლება, შესაძლებლობებისა და მედეგობის შექმნა თანამედროვე მდგრადი მმართველობის საქმიანობაში და ხორციელდება შვედეთის ცნობილ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით. ლიდერობის პროგრამა შვედეთის ინსტიტუტის ლიდერთა ლაბორატორია (SI Leader Lab) ღიაა აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთი აზიის, ასევე  შუა აზიისა და ჩრდილოეთი აფრიკის (MENA) რეგიონის შერჩეული ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ლიდერთათვის, რომლებიც მუშაობენ უფრო სამართლიანი, მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად. შვედეთის ინსტიტუტის ლიდერთა პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს შეუძლიათ გაწევრიანდნენ შვედეთში კურსდამთავრებულთა საქართველოს ქსელში, სადაც ისინი ამყარებენ ურთიერთობებს, ინარჩუნებენ კავშირს შვედეთთან და ორგანიზებას უწევენ შვედეთის ინსტიტუტის მიერ დაფინანსებულ აქტივობებს, რომლებიც 2030 წლის დღის წესრიგს უკავშირდება.

შვედეთი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელების თვალსაზრისით. როგორ შეძლო ეს თქვენმა ქვეყანამ? და რა როლს ასრულებს შვედეთის ინსტიტუტი ამ კუთხით? 

შვედეთს ამბიციური მიზნები აქვს მდგრადობასთან დაკავშირებით, მათ შორის 2045 წლისთვის გეგმავს მიაღწიოს 100%-ით განახლებად ენერგიის წყაროებზე გადასვლისა და წიაღისეული საწვავისგან გათავისუფლების მიზნებს. შვედეთი იყო მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც ჯერ კიდევ 1967 წელს მიიღო კანონი გარემოს დაცვის შესახებ, ხოლო 1972 წელს უმასპინძლა გაეროს პირველ მსოფლიო კონფერენციას გარემოს დაცვის შესახებ. მას შემდეგ შვედეთი განუხრელად აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას და ახერხებს ეკონომიკის მნიშვნელოვან ზრდას ნახშირორჟანგის გაფრქვევისა და დაბინძურების შემცირების ფონზე. შვედეთის ენერგეტიკის დაახლოებით 60% განახლებად ენერგიის წყაროებზე მოდის, გულდასმით შემუშავებული კანონმდებლობა კი მიზნად ისახავს სათბურის აირების ემისიის კიდევ უფრო შემცირებას.

შვედეთის ინსტიტუტის როლია შვედეთის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, მათ შორის მუშაობა მდგრადობისა და 2030 წლის დღის წესრიგის მიმართულებით. ჩვენი მთავარი საკომუნიკაციო არხები არის ვებგვერდები https://sweden.se/ და https://sharingsweden.se/, რომლებზეც წარმოდგენილია მასალები და ინფორმაცია შვედეთისა და მდგრადობის, მათ შორის მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ.

როგორ უწყობს ხელს შვედეთი მდგრადობას და 2030 წლის დღის წესრიგის მიზნებს ქვეყნის შიგნით და პარტნიორებთან ერთად?

შვედეთში კლიმატისა და მეწარმეობის ახალი სამინისტროს კომპეტენციას წარმოადგენს კლიმატის, გარემოს, ენერგეტიკის, მეწარმეობისა და ინოვაციების საკითხები, ასევე 2030 წლის დღის წესრიგი. მთავრობამ დაავალა შვედეთის სტატისტიკის ორგანიზაციას (Statistics Sweden) განახორციელოს 2030 წლის დღის წესრიგით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების შესრულების ინდიკატორებზე დაფუძნებული მონიტორინგი (https://scb.se/en/About-us/main-activity/statistics-swedens-work-on-the-sdgs-and-the-2030-agenda-for-sustainable-development/). თუმცა, ქვეყნის შიგნით მიზნების შესრულების ხელშეწყობის ძირითადი ნაწილი გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და 2030 წლის დღის წესრიგის თემატური ვებსაიტის: https://www.globalamalen.se/ მეშვეობით ხორციელდება  

რატომ არის კორპორაციული მდგრადობა მნიშვნელოვანი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის?

მდგრადი განვითარების მიზნების შესრულება საზოგადოების ყველა ნაწილის სრულ მონაწილეობას მოითხოვს, ეს არ შეიძლება მხოლოდ სახელმწიფოს პოლიტიკას ეფუძნებოდეს. ამისათვის საჭიროა ცხოვრების წესის შეცვლა, ახალი ინფრასტრუქტურა, ახალი მარეგულირებელი ჩარჩო და კორპორაციული სექტორის სერიოზული ჩართულობა. ამიტომ რაც უფრო მეტი კომპანია ჩაერთვება მდგრადობის საკითხებში, მით უფრო სწრაფად იქნება შესაძლებელია 2030 წლის დღის წესრიგის შესრულება. საბედნიეროდ, შვედეთის კომპანიები (მათ შორის მსხვილი გლობალური ფირმები) უკვე ათეული წლებია მსოფლიო ლიდერები არიან, ხოლო მათი მუშაობა მდგრადობის მიმართულებით ასევე ახდენს გავლენას შვედეთის საზოგადოებაზე. 

შვედეთის მწვანე მოდელი ბიზნესისა და მდგრადობის ინტეგრირების კარგი მაგალითია. რისკის შექმნის ნაცვლად შვედეთსა და მეზობელ სკანდინავიის ქვეყნებს სჯერათ, რომ მწვანე ზრდას შეუძლია ხელი შეუწყოს გარდაქმნას ტექნიკური ინოვაციების გზით. ეს გულისხმობს საზოგადოების ადაპტირებას, რათა თავი გაართვას უკვე მიმდინარე ეკოლოგიურ ცვლილებებს. ზოგიერთი რამ ჯერ ისევ შესასრულებელი გვაქვს, მაგრამ ის ინოვაციები, რომლებიც ამჟამად ხორციელდება, გვიჩვენებს, რომ გარემოს დაცვა და საზოგადოების ჩამოყალიბება ერთი და იმავე გამოწვევის ნაწილია.  

რა მოკლე და საშუალოვადიანი გეგმები აქვს შვედეთის ინსტიტუტს საქართველოში?

ჩვენს მოკლე და საშუალოვადიან გეგმებში შედის საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება და გაფართოება. იმედი გავქვს, რომ შევძლებთ უფრო მეტი სტიპენდია შევთავაზოთ საქართველოს მოქალაქეებს და გავზარდოთ ქართველ მონაწილეთა რაოდენობა ლიდერობის პროგრამებში. ასევე მოხარულნი ვიქნებით, თუ ქართული ორგანიზაციები გაერთიანდებიან შვედეთის პარტნიორებთან საპროექტო განაცხადების შემოტანისას შვედეთის ინსტიტუტის შემოქმედებითი პარტნიორობის პროგრამისა და ბალტიის ზღვის ქვეყნებთან შვედეთის ახალი სამეზობლო პროგრამის ფარგლებში.

გააზიარე: