შვედეთის მხარდაჭერა საქართველოში მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებისთვის

ინტერვიუ შვედეთის ელჩთან საქართველოში – ანნა ლიბერგთან

რა სახის მხარდაჭერას ითვალისწინებს შვედეთის აღმოსავლეთ ევროპასთან თანამშრომლობის შვიდწლიანი სტრატეგია (2021-2027) საქართველოს ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის კუთხით? რა სახის პროექტები ხორციელდება აღნიშნული სტრატეგიის ფარგლებში და რომელი მიმართულებით?

საქართველოს მიმართ შვედეთის სტრატეგია მოიცავს მრავალმხრივ მიდგომას და მიზნად ისახავს ყოვლისმომცველი განვითარების მხარდაჭერას სხვადასხვა სექტორში. ეფუძნება რა ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და გენდერული თანასწორობის პრინციპებს, შვედეთის სტრატეგია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მდგრადი ეკონომიკური განვითარების, გამჭვირვალე მმართველობისა და გარემოსდაცვითი მდგრადობის ხელშეწყობაზე. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია სტრატეგიის ძირითადი მიმართულებაა, რაც გამოიხატება ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებისა და უფრო ფართო რეფორმების მხარდაჭერაში. მიმდინარე ორმხრივი პროექტების სპეციფიკის გაცნობისას ნათელი ხდება, თუ როგორ ემთხვევა შვედეთის სტრატეგიული პრიორიტეტები საქართველოს საჭიროებებს, ხელს უწყობს ქვეყნის პროგრესს საკვანძო სფეროებში და აძლიერებს კავშირს ორ ქვეყანას შორის.

შვედეთის მიერ ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის ნათელი დადასტურებაა ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა და პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს მდგრად განვითარებას სხვადასხვა სექტორში. აღსანიშნავია ისეთი ინიციატივები, როგორიცაა პორტფელის გარანტიები თიბისი ბანკთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალთან. კრისტალთან გარანტია არის შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (Sida) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) პარტნიორობის შედეგი. ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ზემოხსენებული ინიციატივები აქტიურად უწყობს ხელს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSMEs) განვითარებას სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, მომსახურებისა და სხვა სექტორებში. ეს პროექტები სტრატეგიულ თანხვედრაშია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან (DCFTA) და ამ სექტორებს საშუალებას აძლევს, გამოავლინონ სრული პოტენციალი, ასევე, ხელს უწყობს ევროკავშირთან ეკონომიკურ ინტეგრაციას. კიდევ ერთი მაგალითია პროექტი „ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში,“ რომელსაც ახორციელებს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი. აღნიშნული პროექტი არის დასტური იმისა, თუ როგორ ეხმარება შვედეთი კერძო სექტორს, მთავრობასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მდგრადი ეკონომიკური ზრდის ერთობლივად მიღწევის მიზნით.

ასევე, სიამაყით ვუჭერთ მხარს მნიშვნელოვან ინიციატივებს სხვადასხვა დონორთან თანადაფინანსებით. მაგალითად, „კავკასიის ალიანსების პროგრამა,“ რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია მერსი კორპსი. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები მეწარმეებისთვის საარსებო გარემოს გაუმჯობესებას, მათი პროდუქტიულობის და ბაზრებზე წვდომის მდგრადობის გაზრდას, ასევე, თანაბარ ჩართულობას ადგილობრივ დონეზე. უფრო მეტიც, პროექტები „საქართველოს მწვანე და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობა“, რომელსაც ISET PI ახორციელებს და „საქართველოში სურსათის უვნებლობისა და სანიტარული და ფიტოსანიტარული (SPS) სექტორის მხარდაჭერა,“ რომელსაც სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ახორციელებს, მდგრადი ბაზრის პრაქტიკების დამკვიდრების კუთხით მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ზემოხსენებული პროექტები ეხმიანება გარემოსდაცვით და სურსათის უვნებლობის სტანდარტებს ევროკავშირთან ინტეგრაციის მიზნების შესაბამისად.

ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის მიზანია, გავაძლიეროთ კომპლექსური მიდგომა, რაც მოიცავს ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისა და სხვადასხვა სექტორში საქართველოს სტრატეგიული მიზნების ხელშეწყობას, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად.

შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა საქართველოს ცირკულარობის დონის შეფასება, რომლის მიზანი იყო ძირითადი მიგნებების, რეკომენდაციებისა და წარმატებული გარდამავალი ნაბიჯების გამოკვეთა. რა არის ამ კვლევის ძირითადი შედეგი და რა ქმედებები უნდა განახორციელოს საქართველომ, განსაკუთრებით კი კერძო სექტორმა, ცირკულარულ ეკონომიკაზე ეფექტიანი გადასვლისთვის?

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ცირკულარულ ეკონომიკას საკვანძო მნიშვნელობა აქვს გარემოზე ზემოქმედების შემცირების, რესურსების შენარჩუნებისა და ეკონომიკური მდგრადობის ხელშეწყობის კუთხით. ამ სფეროში მხარდაჭერა ხაზს უსვამს ევროკავშირის საერთო ღირებულებებისადმი შვედეთის ერთგულებას. ცირკულარული პრაქტიკა არა მხოლოდ აძლიერებს გარემოსდაცვით მდგრადობას, არამედ თანხვედრაშია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ DCFTA-ს პრინციპებთან. ცირკულარობის დონის შეფასებამ გამოავლინა ძირითადი სექტორები და ჩამოაყალიბა მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და ინტეგრაციის გზამკვლევი. ცირკულარობის ამჟამინდელი დონე შეფასდა 1.3%-ით, რაც მიგვითითებს გაუმჯობესების საჭიროებასა და საქართველოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ფართო შესაძლებლობებზე.

ცირკულარულ ეკონომიკაზე წარმატებული გადასვლა მოითხოვს სტრატეგიულ ზომებს და საკანონმდებლო ჩარჩოს, რომელიც წარმართავს და უზრუნველყოფს ცირკულარობას. აღნიშნულის მიღწევის წინაპირობაა ნარჩენების შემცირება და რესურსების ეფექტიანი გამოყენება. ასევე, აუცილებელია ინვესტიციების მოზიდვა სახელმწიფო სტრუქტურებისა და კერძო სექტორისგან, გამართული გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის, ნარჩენების მართვის სისტემებისა და ინოვაციური ჰაბების განვითარებისთვის. გარდა ამისა, ყველა ინიციატივა უნდა განხორციელდეს საგანმანათლებლო პროგრამების პარალელურად, რომლებიც ხელს უწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ჩართულობის გაზრდას.

სიამაყით ვუჭერთ მხარს მნიშვნელოვან ინიციატივებს სხვადასხვა დონორთან თანადაფინანსებით

ბიზნეს სექტორს ეკისრება მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა დანერგოს ცირკულარული მიდგომები, როგორც წარმოებაში და მიწოდების ჯაჭვში, ასევე ნარჩენების მართვაში. აუცილებელია, კერძო სექტორმა უპასუხოს ახალ გამოწვევებს, როგორიც არის კლიმატის ცვლილების გავლენის შემცირება და ადაპტაცია, ამავდროულად, გაითვალისწინოს მათი ზეგავლენა სამომავლო ოპერაციებში, მათ შორის, სოციალური და მმართველობითი მიმართულებით.

ამრიგად, ბიზნესს, მთავრობასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია შედეგის გასაუმჯობესებლად. წარმატების მისაღწევად, საქართველომ საკუთარი კანონმდებლობა შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს ევროკავშირის სტანდარტებთან და უზრუნველყოს ჰარმონიზებული მიდგომა რეგიონული და ევროპული ინტეგრაციისთვის. არსებითი მნიშვნელობა აქვს კომპლექსურ ძალისხმევას, რომელიც მოიცავს შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავებას, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და საერთო ვალდებულებას, რაც საქართველოს მდგრადი და ცირკულარული მომავლისკენ გაუკვალავს გზას.

რა სარგებელსა და გამოწვევებს უკავშირდება საინვესტიციო კლიმატის განვითარებისთვის აუცილებელი მდგრადი დაფინანსება საქართველოში? შვედეთისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების რომელი გამოცდილებისა და მაგალითის დანერგვა იქნება უმჯობესი საქართველოსთვის?

მდგრადი დაფინანსება წარმოადგენს საქართველოს სტრატეგიულ შესაძლებლობას არა მხოლოდგლობალურ ტენდენციებთან შესაბამისობისთვის, არამედ, იგი ასევე ხელს უწყობს ქვეყანას, დაიმკვიდროს საკუთარი ნიშა მზარდ და მდგრად საინვესტიციო ბაზარზე. ამ მიდგომას შეუძლია, საგრძნობლად გაზარდოს საქართველოს მიმზიდველობა იმ უცხოელი ინვესტორებისთვის, ვისთვისაც პრიორიტეტულია უფრო მდგრადი და ინოვაციური ეკონომიკური გარემო.

თუმცა, გამოწვევად რჩება მდგრადი დაფინანსების სფეროში ადგილობრივი ექსპერტიზის ნაკლებობა და ცნობიერების დაბალი დონე, ასევე სათანადო მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავება, რომელიც შესაბამის ინიციატივებს შეუწყობს ხელს. ამასთან, მდგრად პრაქტიკაზე გადასვლა, მათ შორის, გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) სტანდარტების ინტეგრირება მოითხოვს დროსა და რესურსებს, რაც გამოწვევაა მცირე საწარმოებისთვის.

შვედეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე საქართველოს შეუძლია, შეიმუშაოს და დანერგოს სხვადასხვა სტრატეგია. მაგალითად, შვედეთის წარმატება მწვანე ობლიგაციების მიმართულებით გვთავაზობს მდგრადი პროექტებისთვის ფინანსური სახსრების მობილიზების ერთ-ერთ მოდელს. ევროკავშირი დიდ ყურადღებას უთმობს გამჭირვალობას და მდგრადი დაფინანსების გამოვლენას კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების დირექტივის (CSRD) – ისა და ტაქსონომიის მეშვეობით, რომელიც შეიძლება იყოს კარგი მაგალითი საქართველოში რეგულაციების ჩარჩოს განმტკიცების და ინვესტორების სანდოობის გაზრდისთვის.

თუმცა, საქართველომ, რასაკვირველია, ხსენებულ მაგალითებზე დაყრდნობით, უნდა განსაზღვროს საკუთარი გეზი, რომელიც მორგებული იქნება ქვეყნის უნიკალურ სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ კონტექსტზე. მაგალითად, ქვეყნის მდიდარი ბუნებრივი რესურსების გამოყენება მდგრადი პროექტების განხორციელებაში, შესაძლოა, იქცეს გამორჩეულ სტრატეგიად. ანალოგიურად, საჯარო-კერძო პარტნიორობა და საგანმანათლებლო ინიციატივები უნდა იქნეს მორგებული საქართველოსთვის დამახასიათებელ საჭიროებებსა და მისწრაფებებზე. არსებითად მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ მდგრად დაფინანსებაზე გადასვლა მოიცავს როგორც საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებას, ასევე ინოვაციურ მიდგომებს, რომლებიც საქართველოს კონტექსტზეა მორგებული.

რა კონკრეტული რეკომენდაციები და წინადადებები გაქვთ ბიზნესისა და მთავრობებისთვის მდგრადი დაფინანსებისა და 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების თვალსაზრისით, და როგორია თქვენი ხედვა საქართველოს მდგრადი მომავლის შესახებ?

საქართველოში ბიზნესის მდგრადი დაფინანსების გაზრდას აქვს როგორც დიდი მორალური, ისე სტრატეგიული მნიშნვნელობა. გამოცდილებით ვიცით, რომ ბიზნესის ძირითად სტრატეგიაში მდგრადობის ინტეგრირების შედეგად, შესაძლოა, მივიღოთ ისეთი სარგებლი როგორიცაა ხარჯების შემცირება, გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვებზე წვდომა, რეპუტაციის გაუმჯობესება და ნიჭიერი თანამშრომლების მოზიდვა. ეს გულისხმობს უფრო მეტს ვიდრე უბრალოდ შესაბამისობას ან კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივებს და ითვალისწინებს გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხების დანერგვას ბიზნეს საქმიანობისა და გადაწყვეტილების მიღების ყველა ასპექტში.

საბოლოო ჯამში, მდგრადობის სტრატეგია ბიზნესის თითოეულმა წარმომადგენელმა საკუთარ საქმიანობას უნდა მოარგოს და შესაბამისად დანერგოს გაეროს მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის გათვალისწინებით. აღნიშნული უზრუნველყოფს, რომ ბიზნეს სექტორმა იდენტიფიცირება მოახდინოს და ფოკუსირდეს იმ მიზნებზე, რომლებიც ყველაზე მეტად შეესაბამება მათ საქმიანობას. მაგალითად, თუ კომპანია სოფლის მეურნეობის სექტორს წარმოადგენს, სოფლის მეურნეობასთან, შიმშილის აღმოფხვრასა და მიწათსარგებლობასთან დაკავშირებული მდგრადი განვითარების მიზნები მას ყველაზე მეტად შეესაბამება. მთავარია არა მხოლოდ ამ მიზნების მიღწევაში წვლილის შეტანა, არამედ მათ განხორციელებაში სიახლეების დანერგვა და გამოწვევების გადაქცევა მდგრადი ზრდის შესაძლებლობებად.

რაც შეეხება მთავრობის როლს, მან ერთის მხრივ უნდა შექმნას ხელშემწყობი გარემო პოლიტიკის, სტიმულირებისა და მარეგულირებელი ჩარჩოს მეშვეობით, რომელიც წაახალისებს და მხარს დაუჭერს მდგრად პრაქტიკას კერძო სექტორში. მეორეს მხრივ კი, მთავრობა უნდა იყოს მაგალითი ეროვნულ პოლიტიკასა და საჯარო სექტორის პროექტებში მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრირების მიმართულებით.

საქართველოს სამომავლო მდგრადი განვითარებისთვის, შვედეთმა განახორციელა ისეთი ინიციატივები, როგორიცაა პროექტი „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა (GRETA)“ . ზემო აღნიშნული იყო შვედეთის, ევროკავშირის და ავსტრიის ერთობლივი ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც წარმატებით შემუშავდა სვანეთის ტურიზმის განვითარების ყოვლისმომცველი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს ღირებულ რესურსს, რომელშიც მოცემულია მდგრადი ტურიზმის განვითარებისთვის საჭირო რეკომენდაციები და სტანდარტები. დოკუმენტი გათვალისწინებულია ტურიზმის სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის, ადგილობრივი და ეროვნული მთავრობის წარმომადგენლებისთვის და სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციისა (DMO) და განვითარების სააგენტოებისთვის. საქართველოს უნიკალური სტრატეგიული მდებარეობა საშუალებას აძლევს, საკუთარი კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა გამოიყენოს გლობალურ მდგრად ეკონომიკაში ადგილის მოსაპოვებლად. საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს მოწინავე ქვეყანა მდგრადი ტურიზმის, განახლებადი ენერგიისა და მდგრადი სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ამ სფეროებზე ფოკუსირებით, საქართველოს შეუძლია, მიაღწიოს არა მხოლოდ მდგრადი განვითარების მიზნების ინდიკატორებს, არამედ ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას, შექმნას სამუშაო ადგილები და გააუმჯობესოს საკუთარი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხი.

სამომავლოდ, ჩემი ხედვა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ეფუძნება 2023 წლის დეკემბერში ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ მნიშნვნელოვან გადაწყვეტილებას: ვიხილო საქართველო, რომელიც გზას იკვლევს უფრო მდგრადი მომავლისკენ, ევროპისა და მისი მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერით.

გააზიარე: