სიგმა ჯგუფი ხარისხიანი განათლებისთვის

სიგმა ჯგუფი 2015 წელს დაარსდა როგორც პირველი ჭკვიანი ოფისი საქართველოში. ის აერთიანებს ადგილობრივ და საერთაშორისო, მცირე და საშუალო ბიზნესისა და სტარტაპების მომსახურებების სრულ სპექტრს. სიგმა ჯგუფი თავისი არსებობის განმავლობაში მოემსახურა 100-ზე მეტ კომპანიასა და პროექტს, რომლებიც მოიცავენ საქართველოში მოქმედი ბიზნესების უმეტეს სფეროებს. კომპანია ამჟამად ჩართულია რამდენიმე მრავალ-მილიონიან საინვესტიციო პროექტში სხვადასხვა მიმართულებით. 2022 წელს სიგმა ჯგუფის რეორგანიზაციის შედეგად, კომპანიას ექვსი ახალი ქვებრენდი დაემატა. სიგმა ბიზნეს ლაბორატორია, როგორც მთავარი ბრენდი დღეს მომხმარებელს სთავაზობს ყველა სტანდარტულ ბიზნეს და მენეჯმენტ მომსახურებას კავკასიის რეგიონში. 

ჭკვიანი ოფისის გამოყენებით, კომპანიებს საშუალება ეძლევათ კონცენტრირდნენ თავის ბიზნესზე, ხოლო სტანდარტული ბიზნეს ფუნქციები (ოფისის მენეჯერი, პირადი ასისტენტი, ბუღალტერი, საგადასახადო კონსულტანტი, იურისტი, სამუშაო და შეხვედრების სივრცეები და სხვა) პროფესიონალთა გუნდს მიანდონ. 

კორპორაციული პასუხისმგებლობა სიგმა ჯგუფის ფილოსოფიის მნიშვნელოვანი ნაწილია კომპანიის შექმნის დღიდან. ამ პროცესში საკვანძო პრიორიტეტი – მდგრადი განვითარების მეოთხე მიზნის – ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფაა.

კომპანიასა და მისი კორპორაციული მდგრადობის სტანდარტზე სიგმა ჯგუფის გენერალური დირექტორი გუგა აბაშიძე გვიყვება.

უფრო დეტალურად მოგვიყევით სიგმა ჯგუფის საქმიანობის შესახებ. 

ჩვენი კომპანია 2015 წელს დაფუძნდა როგორც პირველი Smart Office საქართველოში, რომელიც „ერთი ფანჯრის პრინციპით“ სთავაზობდა მომხმარებლებს სტანდარტული ბიზნეს მომსახურების სრულ სპექტრს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ვართ ოფისი, დაკომპლექტებული სტაფით, სამუშაო და შეხვედრების სივრცეებით და საოფისე აღჭურვილობით, მორგებული მომხმარებლის საჭიროებებზე. მოდელი  წარმატებული გამოდგა, რამდენადაც ის მცირე და საშუალო ბიზნესებსა და უცხოურ კომპანიებს თავიდან არიდებდა დამატებითი ხარჯებსა და მართვის პასუხისმგებლობებს.

დროთა განმავლობაში ჩვენი მომხმარებლები და მათი მოთხოვნები გაიზარდა და ჩვენც გავაფართოვეთ ჩვენი მომსახურების სპექტრი. 2022 წელს განვახორციელეთ სრული რებრენდინგი და შევქმენით SiGMA Business Laboratory, რომელიც ამჟამად წარმოდგენილია 7 ქვებრენდით: SiGMA Back Office, SiGMA Business Assistant, SiGMA HR, SiGMA IE, SiGMA Start, SiGMA Projects  და SiGMA Sports Management. დღეს ჩვენი გუნდი წამყვან კომპანიებს ემსახურება საინვესტიციო, სპორტული, სადისტრიბუციო, ტურიზმისა და სხვა სექტორებში. 

რა დატვირთვა აქვს კორპორაციულ მდგრადობას თქვენს საქმიანობაში?

ჩვენი ბიზნეს მოდელიდან და სტრატეგიიდან გამომდინარე, ჩვენი გუნდი აქტიურადაა ჩართული არამხოლოდ სიგმას, არამედ სხვა მრავალი კომპანიის საქმიანობაში სტარტაპ და განვითარების შემდგომ ეტაპებზე. კორპორაციული მდგრადობა, ჩვენი ხედვით, ნებისმიერ სექტორში მომუშავე ორგანიზაციისთვის ერთ-ერთი ქვაკუთხედია. დღევანდელ ბიზნეს გარემოში, სადაც იშვიათად შევხვდებით ბიზნესებს, რომლებიც მხოლოდ ერთ გეოგრაფიულ სივრცეში ოპერირებენ, სოციალური, გარემო და სხვა პასუხისმგებლობები ხელს უშლის განვითარებას. გარდა ამისა, მოთხოვნები კორპორაციული მდგრადობის მიმართ იზრდება ყველა სტეიკჰოლდერის – პარტნიორების, თანამშრომლების, სახელმწიფოს და სხვა მხრიდან. 

ჩვენს კომპანიაში მუდმივად ვზრუნავთ კორპორაციული მდგრადობის პოლიტიკის დანერგვასა და აღსრულებაზე, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ჩვენს კლიენტებთან ამ საკითხების განვითარებით უფრო დიდ და მნიშვნელოვან გავლენას ვახდენთ ეკონომიკასა და გარემოზე. 

მდგრადი განვითარების რომელი მიზნები გაქვთ არჩეული როგორც პრიორიტეტული და არის თუ არა თქვენ ბიზნეს სტრატეგიაში გათვალისწინებული კორპორაციული მდგრადობა?

კორპორაციული მდგრადობის სტანდარტების დანერგვა ერთმნიშვნელოვნად არის ჩვენი განვითარების სტრატეგიის განუყოფელი ნაწილი. გამომდინარე ჩვენი ბიზნეს მოდელიდან – სერვის კომპანიიიდან- ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულება არის სოციალური და თანამშრომლების კეთილდღეობის მიზნები. მიუხედავად ამისა,  ყოველთვის ვსწავლობთ ახალი და არსებული კლიენტების წინაშე მდგომ გამოწვევებს და ვირჩევთ ისეთ მიზნებს, რომლებსაც ისინი ეფექტიანად და სწორად განახორციელებენ კორპორაციული მდგრადობის მხრივ.

რატომ გადაწყვიტეთ გამხდარიყავით გაეროს გლობალური შეთანხმების მონაწილე და რატომ არის მნიშვნელოვანი კერძო სექტორის გაერთიანება უკეთესი მსოფლიოს შესაქმნელად? 

გაეროს გლობალური შეთანხმება გვაძლევს ძალიან კარგ საშუალებას გავიზიაროთ უფრო დიდი და გამოცდილი ორგანიზაციების გამოცდილება კორპორაციული მდგრადობის სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ სიგმაში ყველას ნათლად გვესმის ამ მიმართულების მნიშვნელობა, ყოველთვის საინტერესოა იმის დანახვა, თუ როგორ ახორციელებენ პრაქტიკაში მოცემულ სტრატეგიულ კომპონენტებს ჩვენზე დიდი, გამოცდილი და წარმატებული კომპანიები.

რას ნიშნავს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა ქართულ კომპანიებში და რამდენად მნიშვნელოვანია ისეთი პლატფორმების წევრობა, როგორიცაა „გაეროს გლობალური შეთანხება?“ რას ეტყოდით ბიზნესს, რატომ უნდა გაწევრიანდნენ კომპანიები ამ ინიციატივაში?

მიუხედავად საქართველოს სოციალური, ეკონომიკური, შიდა პოლიტიკური და გეოპოლიტიკური პრობლემებისა და გამოწვევებისა, ჩვენი ქვეყანა არის და უფრო მეტად ხდება გლობალური ეკონომიკის ნაწილი. გამომდინარე აქედან, იშვიათად თუ ვნახავთ ქართულ კომპანიას, რომელსაც შეუძლია წარმატების მიღწევა საერთაშორისო პარტნიორების გარეშე. ეს კი წარმოუდგენელია საერთაშორისო სტანდარტების, მათ შორის, კორპორაციული მდგრადობის მიმართულების განვითარების გარეშე. 

ეს ტენდენცია გამოხატულია ყველა ასპექტში. მაგალითისთვის შეგვიძლია ავიღოთ ისეთი ტექნიკური მიმართულება, როგორიცაა ფინანსური და ბუღალტრული აღრიცხვა, სადაც ბიზნესის გარკვეული სეგმენტისთვის სავალდებულოც კია საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა. 

რას ურჩევდით დამწყებ კომპანიებს, რატომ უნდა დაიწყონ საქმიანობა და დასახონ ბიზნეს სტრატეგია კორპორაციული მდგრადობის პრინციპების გათვალისწინებით?

ისევე, როგორც სხვა ასპექტებში, კორპორაციული მდგრადობის ელემენტების დანერგვა კომპანიის სტარტაპ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ ყველა კომპანიისთვის, განვითარების გარკვეულ ეტაპზე, გარდაუვალი იქნება კორპორაციული მდგრადობის სტანდარტების დანერგვა, რადგან ამის გარეშე წარმატება შეუძლებელია. ხოლო მოქმედ საშუალო თუ დიდ კომპანიაში სტრატეგიული და კორპორაციული ქცევის ცვლილებები ყოველთვის ძალიან მტკივნეულად მიმდინარეობს. შესაბამისად, ყოველთვის ჯობია სტარტაპერებმა თავიდანვე დაისახონ დიდი მიზნები და მოამზადონ კომპანია მათ მისაღწევად. ეს ეხება კორპორაციულ მდგრადობასაც – სოციალური, ეკონომიკური და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობის დანერგვა საწყის ეტაპზე  გაცილებით უფრო მარტივი და ეფექტიანი იქნება, ვიდრე განვითარების შემდგომ ეტაპებზე. 

რას ნიშნავს პასუხისმგებლიანი კომპანია თქვენთვის და რატომ უნდა აიღოს კერძო სექტორმა პასუხისმგებლობა საკუთარი საქმიანობით გამოწვეულ უარყოფით ზიანზე?

ბიზნესი და ეკონომიკა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ყველა, მათ შორის მცირე ზომის კომპანიებმაც უნდა გაიზიარონ პასუხისმგებლობა იმ გარემოზე, სადაც ოპერირებენ. სამწუხაროდ, ამის გააზრება ბევრ კომპანიას (განსაკუთრებით ახალგაზრდა ეკონომიკებში) უჭირს, მაგრამ შეუძლებელია ბიზნესი იყოს წარმატებული მხოლოდ რესურსების უტილიზაციით – უმთავრესი და უმნიშვნელოვანესია უკუგება საზოგადოებისა და გარემოსთვის.

გააზიარე: