„თერმორუმი“ ჯანსაღი ეკომომავლისათვის

„თერმორუმი“ გაეროს გლობალური შეთანხმების ხელმომწერი ორგანიზაციაა, რომელიც  საქმიანობს გათბობა-კონდიცირებისა და წყალმომარაგების სისტემების მიმართულებით. მისი ფუნქციაა, იყოს მაკავშირებელი რგოლი ინდუსტრიის მოწინავე მწარმოებლებსა და მომხმარებელს შორის. ეკოინოვაციები და ეკომეგობრული პროდუქცია ამ სფეროს განუყოფელი ნაწილია და მნიშვნელოვანია, თითოეულმა კომპანიამ საკუთარი პასუხისმგებლობა აიღოს დედამიწის ეკოსისტემის გადარჩენაზე.  არსებული ვითარების გაუმჯობესებასთან ერთად, ეს საჭიროა  მომდევნო თაობების წარმატებული და ჯანსაღი მომავლისთვისაც.  „თერმორუმელებიც“ ამ პრინციპით ხელმძღვანელობენ.

კომპანია 2016 წელს დაარსა ხუთმა მეგობარმა, რომლებიც მრავალი წელია, გათბობა-კონდიცირების სფეროში საქმიანობენ.  ძირითადი მიმართულებებია: შენობა-ნაგებობების გათბობა-გაგრილება, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემების იმპორტი, რეალიზაცია, პროექტირება, სამონტაჟო სამუშაოები და  მომსახურება. შესრულებული აქვთ რამდენიმე მნიშვნელოვანი მსხვილი პროექტი, მათ შორის, „ორბი სითის“ 10 000-მდე აპარტამენტის  აღჭურვა უმაღლესი ხარისხის კონდიციონერებით. ხარისხიანი პროდუქციის შეთავაზებით და სწორი კორპორაციული პასუხისმგებლობით კომპანიამ სწრაფად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა. ამჟამად დასაქმებული ჰყავთ 70 თანამშრომელი.

მდგრადი განვითარება, ენერგოეფექტური პროდუქტების შექმნა და დახვეწა, დაარსების დღიდან ბიზნესსტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. „თერმორუმი“ ზრუნავს გარემოს დაცვასა და გაჯანსაღებაზე – ეს მათი კორპორაციული პასუხისმგებლობის  შემადგენელია. მას შემდეგ, რაც გააცნობიერეს, რომ ამ სექტორს (შენობების გათბობა, გაგრილება, ვენტილაცია და წყალმომარაგება) შეუძლია, საგრძნობლად შეამციროს CO2-ის გამოყოფა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს პარიზის შეთანხმებით დადგენილი მიზნების მიღწევაში, უარი თქვეს დაბალეფექტური პროდუქციის იმპორტზე. აღნიშნული პროდუქტის ხელმისაწვდომობიდან და დიდი საბაზრო წილიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება არ  იყო მარტივი, თუმცა არჩევანი ხარისხისა და ეკოლოგიის სასარგებლოდ  გააკეთეს.

„თერმორუმი“ თანამშრომლობს ისეთი მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე მწარმოებლებთან,  როგორიცაა, Danfoss (დანია), Aermec (იტალია), Caleffi (იტალია), Fonderie Sime (იტალია), Dab pumps (იტალია) და სხვა. ეს კომპანიები მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოშიც, მომხმარებელს სხვადასხვა ეკოინოვაციურ პროდუქტს სთავაზობენ. საერთო ჯამში, 50-მდე პარტნიორი ჰყავთ იტალიაში, ესპანეთში, თურქეთში, უკრაინაში, პოლონეთში, ნიდერლანდების სამეფოსა და ჩინეთში. კომპანიის მიერ იმპორტირებული პროდუქცია სრულად აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებულ რეგულაციას აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების ტექნიკური რეგლამენტის შესახებ, რაც კომპანიის კონკურენტულ უპირატესობასა და მომხმარებლებში პროდუქციის მიმართ ნდობას კიდევ უფრო აძლიერებს.

კოვიდპანდემია მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო „თერმორუმისთვის.“ ამ პერიოდში   ჰიბრიდული მოდელით: როგორც ოფისში, ისე – დისტანციურად მუშაობდნენ.  2021 წელს კომპანია ახალ ოფისში გადავიდა, რომელიც ყველა რეგულაციის დაცვით ფუნქციონირებს. თანამშრომლები ერთმანეთისგან დაშორებულ სივრცეებში საქმიანობენ, რაც მათ უსაფრთხოებას უწყობს ხელს. „თერმორუმის“ თანამშრომელთა უმრავლესობა სრულად აცრილია.  ვაქცინაციას მარკეტინგულადაც ახალისებენ – აცრილ მომხმარებელს საჩუქრებს და ფასდაკლებას სთავაზობენ.

ახალ სათაო ოფისში ამონტაჟებენ მზის ფოტოვოლტურ პანელებს, რაც საშუალებას იძლევა, დაზოგონ ელექტროენერგია, გაუფრთხილდნენ გარემოს და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში თავიანთი წვლილი შეიტანონ. მზის პანელების ინტეგრირებით წლიურად  საათში 139 მეგავატ  ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ, რაც ტოქსიკური აირის გამოყოფას რამდენიმე ათასი კილოგრამით შეამცირებს. ეს არის პირველი დიდი ნაბიჯი იმ მიზნისკენ, რომელიც სათაო ოფისისა და ცენტრალური საწყობის სრულად განახლებული ენერგიით ოპერირებას გულისხმობს. შემდეგი ეტაპი სასმელი წყლის დაზოგვას უკავშირდება, რაც სანიტარული მიზნებისათვის წვიმის წყლის მოგროვება-ფილტრაციას ითვალისწინებს.

„თერმორუმი“ ახორციელებს მაღალსართულიანი შენობებისთვის წყალმომარაგების სატუმბო სადგურების სამწყობრო სამუშაოებს. კომპანიის ინჟინრები თითოეულ პროექტზე მორგებულ ექსკლუზიურ, ენერგოეფექტურ სატუმბო სადგურებს აწყობენ, რაც დამკვეთს აძლევს საშუალებას, ევროპული ხარისხის ენერგოეფექტური პროდუქტი 25-30 პროცენტით დაბალ ფასად შეიძინოს, ამასთანავე საგრძნობლად დაზოგოს ელექტროენერგიისა და წყლის მოხმარება

კომპანიაში მიაჩნიათ, რომ 21-ე საუკუნის მთავარ გამოწვევას – დედამიწის ეკოლოგიური კატასტროფისგან გადარჩენას მხოლოდ ეკოინოვაციების დახმარებით გაუმკლავდებიან.  განვითარებასა და ხარისხზე გაკეთებულ აქცენტთან ერთად, მნიშვნელოვანია ბუნებრივი რესურსების დაზოგვა და ჯანსაღ გარემოზე ზრუნვა. ეს მათი ვალდებულებაცაა და მოვალეობაც მომავალი თაობების წინაშე.

გააზიარე: