“თქვენ შოულობთ, ჩვენ – გჭამთ”

ორი მილიარდი წლის წინ ჩვენს პლანეტაზე მატერიის განვითარების უმაღლესი ფორმა იყო “პროტოუჯრედი” – პატარა, სფეროიდული წარმონაქმნი რომელიც თავს შემგროვებლობით ირჩენდა. პროტოუჯრედები სარჩოს საშოვრად დღენიადაგ მჟავიან წყლებში ცურავდნენ და ნაპოვნი ნახშირწყლებით, ცილებითა და მინერალებით იკვებებოდნენ. მალე მათს რიგებს მოძლიერებული ინდივიდები გამოეყვნენ და სუსტებს განუცხადეს: “თქვენ შოულობთ, ჩვენ – გჭამთ.”

მას მერე სამყარო ასობით მილიონი წელი ნოკიას ტელეფონს ჰგავდა, რომელშიც  მხოლოდ “სნეიკია” ჩაწერილი. პრიმიტიული ბიორობოტები ცოცავდნენ, მრავლდებოდნენ და ერთმანეთით იკვებებოდნენ. იმარჯვებდა ის, ვინც ყველაზე მეტ პროტოუჯრედს ჩაყლაპავდა. ჩემპიონი იზრდებოდა, ჩემპიონი ბერდებოდა, იშლებოდა და საკვები ნივთიერებების გროვად იქცეოდა.

ერთ დღეს, მონადირემ მორიგი პროტოუჯრედი ჩაყლაპა, მაგრამ ჩაყლაპული სიბნელეს არ შეუშინდა და მასპინძლის მუცელში არხეინად გაგორდა. შენიშნა, რომ საბინადროში მტერი ვერ აღწევდა, სული მოითქვა და შრომას შეუდგა. სტუმარი მასპინძლის მონაპოვარს მიირთმევდა. გარსით დაცული, რადგან არავინ ემუქრებოდა, გაცილებით მეტ ენერგიას გამოიმუშავებდა, ვიდრე მისი თანატოლები მტაცებლებით სავსე ზღვებში.

შედეგი გასაოცარი იყო, სიმბიოტურმა თანამეგობრობამ ცოცხალი ორგანიზმის განვითარების ახალ დონეზე გადაინაცვლა: პროკარიოტული უჯრედებისგან შეიქმნა ეუკარიოტი და ეუკარიოტებმა დაიპყრეს მსოფლიო. (შეგახსენებთ, რომ ეუკარიოტული უჯრედებით შემდგარი ორგანიზმები არიან: ადამიანი, დელფინი, ფლამინგო, მანგუსტი, დიკდიკი, ჩიტები, ხვლიკები, წიფლები, ასკილი, ხახვი, ნიყვი, კარაქი და ა.შ.)

“სნეიკის” ეპოქა დაიხურა, გაიმარჯვა მეგობრობამ და ერთმანეთზე ზრუნვამ. სამყაროს “ლოგში” გაჩნდა გრავიურა, რომელიც ირიბად მიგვანიშნებდა, რომ კეთილის არსება ბოროტისაზე გრძელია და რომ მან მას სძლია.

ამ მოვლენას ენდოსიმბიოზი ეწოდება და სიცოცხლის ორგანიზების უდიდეს სასწაულად მიიჩნევა, თუ არ ჩავთვლით სალაპარაკო ენის განვითარებას, რამაც ადამიანებს საშუალება მისცა, ერთად ეცხოვრათ.

50,000 წლის წინ ჰომო საპიენსები, ნეანდერტალელები და მათი რამდენიმე გარე ბიძაშვილი იერარქიაში ტოლ-სწორნი იყვნენ, უბრალოდ ზოგი მაღალ ბალახს ეგუებოდა უკეთ, ზოგი – უსიერ ტყეებს. საპიენსებმა გამოიგონეს აბსტრაქტული სასაუბრო ენა და დიდ კოლექტივებად, ტომებად დაჯგუფდნენ, გაინაწილეს ფუნქციები. გააშენეს ბაღები და ყანები, დაიწყეს პურის ცხობა. ააგეს მდგრადი ქალაქები და მოიშინაურეს ცხოველი. მოსაზღვრეს სამფლობელოები და გამოწრთეს ფოლადი. დედამიწაზე ჰომო საპიენსი გაბატონდა. მალე იერარქიის სათავეში მოქცეულმა დიდგვაროვნებმა გლახაკები დაიმონეს და გამოუცხადეს: “თქვენ შოულობთ, ჩვენ – ვჭამთ.”

ასე და ამგვარად, ნელი ნაბიჯებით, სიცოცხლე ვითარდება. როგორც სქოლარები წერენ, სიცოცხლისთვის არსებობს მთავარი მიზანი – გადარჩენა და გამრავლება. არსებობს მისკენ მიმავალი მრავალი გზაც. ის ორგანიზმები, რომლებიც მდგრად, ჟამთასვლის გამძლე გამოსავალს პოულობენ, მრავალ ჟამს ატარებენ გამარჯვებულის სტატუსით. მთავარია არ მოდუნდნენ და თვალი არ აარიდონ მთავარ ამოცანებს.

ჰელინურ საბერძნეთში ინტერესის მთავარი საგანი იდეა იყო, რენესანსულ ევროპაში  – ადამიანი და კოსმოსი; ანტიკური იდეალიზმის წიაღში ჰუმანიზმი განვითარდა, ასტროლოგია კი ასტრონომიამ შეცვალა. სხვათა შორის, არაფერი აგვირგვინებს აღორძინების ეპოქის ინტერესის ორ დიად სფეროს ისე, როგორც მეფე ლუი XIV-ს ოქროს სიტყვები “მე მზე ვარ”. მაშინდელი ცივილიზაციის ცენტრში უფრო ნაკლებს ფიქრობდნენ ბუნებაზე, მის დივერსიულობასა და მრავალფეროვნებაზე, ვიდრე – აზიაში. მაგალითად ინდოეთში, სადაც ძროხას ეთაყვანებოდნენ, ხალხებს გარემოთი და ბუნებით შთაგონებული ღირებულებები, რწმენები და ლეგენდები აერთიანებდა. მეოცე საუკუნის ინდუსტრიულმა რევოლუციამ მოგვცა მასობრივი წარმოება და დიდი იარაღები, რაც უყურადღებოდ არ დარჩენიათ პატარა კაცებს. სამაგიეროდ, თვალთახედვის მიღმა მოხვდა ადამიანის უფლებები და გარემო და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განვითარებულმა სამყარომ დაიწყო მდგრადი და ინკლუზიური, მშვიდობიანი განვითარების გზების ძიება.

თანამედროვე საერთაშორისო თანამეგობრობები აგრძელებენ ისტორიულ ნარატივს და  ადამიანისა და შრომით უფლებებზე და ბუნების კონსერვაციაზე ზრუნავენ. იდეები ძველია, ხოლო მიდგომა – განახლებული.

თუ თქვენი ორგანიზაცია ქმნის დოვლათს, უფრთხლდება გარემოს და ზრუნავს მის თანამშრომლებზე, ყველა ცოცხალი ორგანიზმის სახელით გიხდით გულწრფელ მადლობას და გისურვებთ წარმატებებს როგორც ხვალ, ისე – ზეგ.

გააზიარე: