GE

ჩვენ შესახებ

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი საქართველოში დაარსებული არაკომერციული იურიდიული პირია, რომელიც, ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, მჭიდროდ თანამშრომლობს გლობალური შეთანხმების ოფისთან (GCO), ქვეყანაში გაეროს გლობალური შეთანხმების პოპულარიზაციისა და ათ პრინციპთან ბიზნეს ოპერაციების შესაბამისობის გასაუმჯობესებლად. ქვეყნის დონეზე, ეხმარება ინიციატივის დამკვიდრებას სხვადასხვა ეროვნულ, კულტურულ და ენობრივ კონტექსტში, ასევე პასუხისმგებელია გაეროს გლობალური შეთანხმების მონაწილეთა ჯგუფების მართვაზე კონკრეტულ ქვეყანაში.

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის (UNGCNG) მისიაა პროგრესული მომავლის შექმნა მდგრადი მიდგომების სტიმულირებით და ბიზნესის ჩართულობით.

აღნიშნულის მისაღწევად, UNGCNG ხელს შეუწყობს დაინტერესებულ მხარეებს:

ა) განახორციელონ საკუთარი საქმიანობა ადამიანის უფლებების, შრომის უფლებების, გარემოს დაცვისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, ათი პრინციპის შესაბამისად;

ბ) განახორციელონ სტრატეგიული ქმედებები უფრო ფართო საზოგადოებრივი მიზნების განსავითარებლად, ისეთების, როგორიცა არის გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები, განსაკუთრებით, თანამშრომლობისა და ინოვაციის ნაწილში.

UNGCNG-ის ხედვაა საქართველოში ადამიანთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ორგანიზაცია დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობს შემდეგი მიმართულებებით:

ა) მდგრადობის შესახებ განათლების და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა

UNGCNG საშუალებას აძლევს ორგანიზაციებს, გააუმჯობესონ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება მდგრადობის მიმართულებით, შეიმუშაონ მდგრადობის მიზნები და მიაღწიონ პროგრესს. UNGCNG სთავაზობს საგანმანათლებლო პროგრამებს, გაეროს გლობალური შეთანხმების აქსელერაციის პროგრამებს, გამოცდილების გაზიარების სემინარებს, კონფერენციებსა და პროფესიულ სასერტიფიკატო პროგრამებს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს.

ბ) პარტნიორობის ხელშეწყობა

გაეროს გლობლური შეთანხმების საქართველოს ქსელი აძლიერებს მულტისექტორულ პარტნიორობას მდგრადი განვითარების დღის წესრიგი 2030-ის მიღწევის მიზნით. ორგანიზაცია წარმატებით აკავშირებს კომპანიებს სამოქალაქო-საზოგადოების ორგანიზაციებთან და სამთავრობო უწყებებთან, ამასთან, უზრუნველყოფს მსგავსი ინტერესების მქონე კომპანიების დაკავშირებას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

გ) ეროვნული პოლიტიკის დონეზე კორპორაციული მდგრადობის ხელშეწყობა

UNGCNG მხარს უჭერს სახელმწიფო უწყებებს კორპორაციული მდგრადობის სტანდარტების ასახვაში ეროვნულ კანონმდებლობასა და სტრატეგიულ დოკუმენტებში. ორგანიზაცია ეხმარება მთავრობას, მიიღოს შესაბამისი პოლიტიკის მექანიზმები, ინსტრუმენტები და სახელმძღვანელო მითითებები, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოში პასუხისმგებლიანი ბიზნესის ქცევას ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების, გაეროს 2030 დღის წესრიგის და სხვა საერთაშორისო ჩარჩო დოკუმენტების შესაბამისად. UNGCNG ხელს უწყობს 2030 წლის დღის წესრიგის მიღწევას მხარეთა მონაწილეობის გაზრდითა და მათ შორის კოორდინაციის ფასილიტაციის გზით. UNGCNG დამატებით ხელს უწყობს ქვეყანაში საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგს.

დ) წევრი ორგანიზაციების მხარდაჭერა კორპორაციული მდგრადობის საკითხზე

UNGCNG მხარს უჭერს წევრ ორგანიზაციებს კორპორაციული მდგრადობის სტანდარტის, გაეროს გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის, დანერგვაში. ორგანიზაცია სთავაზობს ბიზნეს სექტორს საქმიანობის თვითშეფასების ინსტრუმენტებს და მხარს უჭერს მდგრადობის ნიშნულების დადგენაში, ხარვეზების გამოვლენასა და კორპორაციული მმართველობის გაუმჯობესებაში. UNGCNG ეხმარება ორგანიზაციებს კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგებაში, ასევეე ბიზნეს პოლიტიკაში, გეგმებსა და ყოველდღიურ ოპერაციებში მდგრადობის საუკეთესო პრაქტიკის ინტეგრირებაში.

ე) ლიდერობის აღიარება მდგრადობის მიმართულებით

UNGCNG ახალისებს ბიზნესის პასუხისმგებლიან ქცევას სხვადასხვა აღიარებითი აქტივობებით და ხაზს უსვამს კომპანიების მიღწევებს მდგრადი განვითარების მიმართულებით.

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის 2023-2025 წლის სტრატეგიის მიხედვით, ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

ა) ბიზნესი და ადამიანის უფლებების ჩარჩო, საფუძვლიანი შემოწმების მიდგომა;

ბ) გენდერული თანასწორობა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება;

გ) ღირსეული სამუშაოს ხელშეწყობა ILO სტანდარტების შესაბამისად;

დ) დაინტერესებული მხარეების ეფექტური მენეჯმენტი და პარტნიორობის ხელშეწყობა;

ე) ნარჩენების მდგრადი მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის ხელშეწყობა, მათ შორის მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობის (EPR) გაძლიერების გზით;

ვ) კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა სათბურის გაზების ემისიების შემცირების გზით; ზ) პასუხისმგებლიანი ბიზნესის  და კორუფციასთან ბრძოლის ხელშეწყობა შესაბამისობის ზომების მეშვეობით და მმართველობის გაძლიერება მდგრადობის უზრუნველსაყოფად.