GE

მდგრადი განვითარების მიზნები

ბიზნესის როლი მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში

მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციისას, ბიზნესი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია. კომპანიებს შეუძლიათ, საკუთარი საქმიანობით, წვლილი შეიტანონ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში.

აღსანიშნავია, რომ კომპანიები, რომლებიც ბიზნესის მართვის სტრატეგიაში მდგრადი განვითარების პრაქტიკას ამკვიდრებენ, კონკურენტებზე უფრო წარმატებულები არიან.

ბიზნესმა უნდა გააცნობიეროს იმ პოზიტიური შედეგების მნიშვნელობა, რომელიც მიღწევადია მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებით, ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესების ჭრილში.

კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განსაზღვრის ეტაპზე, ბიზნესმა ყურადღება უნდა გაამახვილოს და დაგეგმილი აქტივობები დაუკავშიროს ქვეყანაში მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას. ასევე, ქვეყნის საჭიროებებიდან გამომდინარე, განსაზღვროს ახალი პრიორიტეტული მიმართულებები შესაბამისი კონკრეტული ამოცანებით, რაც მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას შეუწყობს ხელს.

საქველმოქმედო და სასპონსორო აქტივობების განხორციელებისას, ბიზნესმა ყურადღება უნდა გაამახვილოს და დაგეგმილი აქტივობები დაუკავშიროს მდგრადი განვითარების მიზნებს.

მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs)

2015 წლის 25 სექტემბერს, გაეროს 193 წევრი ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე, სათაურით -„ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“. ინიციატივა მიზნად ისახავს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას, სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრის, კლიმატის და  ბუნებრივი რესურსების დაცვის, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისა და  მშვიდობიანი და სამართლიანი საზოგადოების დამკვიდრების გზით.

აღნიშნული შეთანხმების თანახმად, თითოეულმა ქვეყანამ, 2030 წლამდე, რეფორმები უნდა გაატაროს მდგრადი განვითარების  17 მიზნის შესასრულებლად. მიზნების შესრულების შეფასებას ყოველწლიურად განახორციელებს მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმი მდგრადი განვითარების შესახებ.

“გლობალური მიზნების მიღწევა 12 ტრილიონი დოლარის გამომუშავების შესაძლებლობას იძლევა“.

„გლობალური მიზნების მიღწევა ბაზარზე, 4 ეკონომიკურ სისტემაში, 12 ტრილიონი აშშ დოლარის გამომუშავების შესაძლებლობას იძლევა“, –  აცხადებს კომისია.  ეს სისტემებია: საკვები და სოფლის მეურნეობა, ქალაქები, ენერგია და მასალები, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. აღნიშნული სფეროები ეკონომიკის, დაახლოებით, 60 %-ს შეადგენს და გლობალური მიზნების მიღწევაში კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ამ შესაძლებლობების სრულად გამოსაყენებლად, ბიზნესმა უნდა განაგრძოს სოციალური და ეკოლოგიური მდგრადობისკენ სწრაფვა სწორედ ისე, როგორც მიისწრაფიან ბაზრის წილისა და კომპანიის წილის მოსაპოვებლად. თუ ახლა ამაში კომპანიების მნიშვნელოვანი ნაწილი შემოგვიერთდება, ერთად შეუჩერებელი ძალა გავხდებით. ხოლო, თუ ეს ასე არ მოხდება, არამდგრადი განვითარების ხარჯები და გაურკვევლობა, შესაძლოა, იქამდე გაიზარდოს, სანამ არ გაქრება სიცოცხლისუნარიანი სამყარო, სადაც ბიზნესის წარმოება შესაძლებელია.

ეს ახალი ტერიტორიაა. ბიზნესის მდგრადი ზრდის მოდელზე გადაყვანა იქნება როგორც რისკებთან, ასევე შესაძლებლობებთან დაკავშირებული. ეს მოიცავს ახალ და უფრო მოქნილ ბიზნეს მოდელებსა და ციფრულ პლატფორმებზე ექსპერიმენტირებას, რაც, შეიძლება, გაიზარდოს და ახალი სოციალური და გარემოსდაცვითი ღირებულების ჯაჭვი შექმნას. ცოდნა იმისა, თუ როგორ იყოთ პირველი და სწრაფი – კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ასევე, მნიშვნელოვანია რისკების შემცირება ავტომატიზირებულ ეკონომიკაზე გადასვლისას, ბიზნესის უსაფრთოხებისთვის.

გლობალური მიზნები ბიზნესისთვის

მდგრადი განვითარება საკმაოდ მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის: იგი ქმნის ახალ შესაძლებლობებს და ეფექტურობის დიდ მიღწევებს; ხელს უწყობს ინოვაციებს; აძლიერებს რეპუტაციას. მდგრადობის მიმართულებით მქონე რეპუტაციით, კომპანიები იზიდავენ და ინარჩუნებენ თანამშრომლებს, მომხმარებლებს, B2B მომხმარებლებსა და ინვესტორებს და უზრუნველყოფენ საკუთარი საქმიანობის ლიცენზიას. ამიტომ, მთელ მსოფლიოში მდგრადი კომპანიები ვითარდებიან და აქციონერებს მიმზიდველ შემოსავალს აძლევენ. სწორედ ამიტომ, მთელ მსოფლიოში,15 000-ზე მეტმა კომპანიამ გაეროს გლობალური შეთანხმების 10 პრინციპს – მდგრადი ბიზნესის ქცევის სახელმძღვანელოს უკვე მოაწერა ხელი.

ბიზნესისთვის მდგრადი განვითარება, როგორც მისი ძირითადი სტრატეგია, სულ უფრო და უფრო ძლიერდება. ჩვენი კვლევის თანახმად, გლობალური მიზნების მიღწევა, მხოლოდ ოთხ ეკონომიკურ სისტემაში, ქმნის 60 მიმართულების განვითარების შესაძლებლობას, რომლის ღირებულება ბიზნესის დანაზოგისა და შემოსავლის სახით (ილუსტრაცია 2), 2030 წლისთვის 20 ტრილიონი აშშ დოლარი იქნება.

მთლიანი ეკონომიკური სარგებელი გლობალური მიზნების განხორციელებისგან, შეიძლება, 2-3-ჯერ უფრო დიდი იყოს, თუ ჩავთვლით, რომ სარგებელი მთელ ეკონომიკაში მიიღება და თან ახლავს გაზრდილი შრომისა და რესურსების პროდუქტიულობა. ეს სამართლიანი ვარაუდია. გაითვალისწინეთ, რომ შეფასების თანახმად, გენდერული თანასწორობის ერთიანი მიზნის მიღწევას შეეძლება, 2025 წლისთვის, გლობალურ მშპ-ს 28 ტრილიონი აშშ დოლარი შემატოს.

ეროვნულ დონეზე მონაწილე მხარეები

მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება მრავალმხრივი პროცესია. მასში მონაწილეობენ:

  • ცენტრალური ხელისუფლების ორგანოები
  • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები
  • საერთაშორისო ინსტიტუტები
  • სამოქალაქო საზოგადოება
  • ბიზნესი