კორპორაციული მდგრადობის აკადემია იწყებს პირველ პროფესიულ სასერტიფიკატო კურსს

ლანა ჩხარტიშვილი

მართლაც, განათლება არის პირველი ნაბიჯი ცოდნის მოსაპოვებლად, კრიტიკული აზროვნების განსავითარებლად, საკუთარი თავის გასაძლიერებლად და იმ უნარჩვევების მისაღებად, რომლებიც შეიძლება დაგჭირდეთ სამყაროს უკეთეს ადგილად ქცევისათვის.

ჩვენ, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელში, ვცდილობთ შევქმნათ ხელსაყრელი გარემო ბიზნესისთვის, რათა მათ ისწავლონ, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება და თანამოაზრე კომპანიებთან გახდნენ პარტნიორები მდგრადი განვითარების მიზნების საკითხებში.

ჩვენი ოჯახი: გაეროს გლობალური შეთანხმება არის კორპორაციული მდგრადობის ყველაზე დიდი ინიციატივა მსოფლიოში, რომლის მიზანია ბიზნეს სექტორში მდგრადი და პასუხისმგებლიანი კორპორაციული სტანდარტების დამკვიდრება. გაეროს პლატფორმა დაფუძნებულია ათ პრინციპზე ადამიანის უფლებების, შრომის უფლებების, გარემოს დაცვისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ორგანიზაცია ინტენსიურად მუშაობს როგორც ბიზნეს სექტორთან, ასევე მთავრობასთან, მედიასთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან მდგრადი განვითარების დღის წესრიგში დასახული მიზნების მისაღწევად.

ჩვენი აკადემია: გამომდინარე იქიდან, რომ წარმოვადგენთ გაეროს ინიციატივას, ჩვენ ბიზნესს გლობალურად აღიარებულ სტანდარტებს ვუზიარებთ, რომლებიც საერთაშორისო გამოცდილებას ადგილობრივი მაგალითებითა და კონტექსტით ავსებს და ამდიდრებს. მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა დაიწყო პირველი პროფესიული სასერტიფიკატო კურსი კორპორაციული მდგრადობის შესახებ. გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის „CS აკადემია“ ღიაა ყველა დაინტერესებული პირისათვის.

ჩვენი პროგრამა საშუალებას აძლევს კურსდამთავრებულებს შეიძინონ ცოდნა მდგრადი კორპორაციული მართვის შესახებ, ისწავლონ და დაამკვიდრონ კორპორაციული ბიზნეს ეთიკის სტანდარტები და ამით სარგებელი მოუტანონ ბიზნესს და საზოგადოებას ორგანიზაციებში კორპორაციული მდგრადობის პრინციპების გრძელვადიანი დანერგვის მიზნით.

სასწავლო პროგრამა მოიცავს 7 სხვადასხვა მოდულს, რომლებიც აერთიანებს ისეთ თემებს, როგორიცაა: ეთიკური ლიდერობა, მდგრადი კორპორაციული მმართველობა, ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე მიდგომები, ბიზნესის მდგრადობა, ანტიკორუფციული ზომები, სოციალური და გარემოსდაცვითი ასპექტების ინტეგრირება ორგანიზაციების საოპერაციო გეგმაში, დაინტერესებული მხარეების მართვა და არაფინანსური ანგარიშგება.

ჩვენი აკადემია ღიაა ყველასთვის, ვისაც სურს თავისი ბიზნესი ინოვაციურ სტანდარტებზე დაფუძნებული გახადოს და მდგრადი მიდგომების გამოყენებით განავითაროს. ასევე მათთვის, ვისაც სურს ხელი შეუწყოს პასუხისმგებლიან და მდგრად ბიზნეს გარემოს საქართველოში.

საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობა:

CS აკადემიის 60-საათიანი სასერტიფიკატო კურსის სასწავლო პროგრამა შემუშავდა მაღალი რანგის საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მხარდაჭერითა და დახმარებით; პოლ გარისონმა, დარტმუნდის კოლეჯის ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორმა, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის ყოფილმა დეკანმა და „Coca-Cola უნგრეთის“ ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ჩაატარა 2-დღიანი ტრენინგი ადგილობრივი მაღალი დონის პროფესიონალებისთვის, რომლებიც მუშაობენ მენეჯერულ პოზიციებზე სხვადასხვა ბიზნეს ორგანიზაციაში. აკადემიის სასწავლო გეგმა და სასწავლო მასალები ადგილობრივ ტრენერებს TOT–ის (ტრენერების ტრენინგის) საშუალებით გადაეცათ. საქართველოში მდგრადი პრაქტიკის ეფექტურად ხელშეწყობისათვის მნიშვნელოვანია ბიზნესმენების, აღმასრულებელი დირექტორების, ლიდერების და სფეროში მომუშავე პროფესიონალების მოძიება და ჩართვა.

თითოეული მოდული შეიცავს თანამედროვე ინფორმაციას, უახლეს თეორიებსა და არსებული გამოცდილების შესწავლას, რომლებიც ითვალისწინებს ადგილობრივ და საერთაშორისო მაგალითებს მსოფლიოს უდიდესი კორპორაციული ინიციატივებიდან, როგორებიცაა ჰარვარდის ბიზნესის მიმოხილვა, OECD-ის სახელმძღვანელო პრინციპები, IFC-ის მიერ შემუშავებული თანამედროვე ინსტრუმენტები და უახლესი მასალები, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები კორპორაციული მდგრადობის პრაქტიკის შესახებ.

რატომ კორპორაციული მდგრადობის აკადემია: ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჩვენ აქტიურად ვუწევთ პოპულარიზაციას მდგრადი განვითარების დღის წესრიგს და ბიზნეს სფეროში გაეროს გლობალური შეთანხმების 10 პრინციპის შესახებ ცნობიერების გაზრდას ვცდილობთ. ვეხმარებით კომპანიებს ბიზნეს გეგმებსა და ოპერაციებში მოახდინონ მდგრადობის სტანდარტების ინტეგრირება. მიუხედავად ამისა, გამოწვევები რჩება და, როგორც კვლევებმა აჩვენა, კერძო სექტორში ცოდნის ნაკლებობა და ცნობიერების ამაღლების საჭიროება კვლავ დგას.

ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ბიზნესის ჩართვა პასუხისმგებლიანი საქმიანობის პოპულარიზაციაში საქართველოსა და მსოფლიოს მასშტაბით.

COVID-19-ით გამოწვეულმა გლობალურმა კრიზისმა გვაჩვენა სოციალური კეთილდღეობის მნიშვნელობა; ამიტომ, ბიზნესისთვის, მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია გავაერთიანოთ ძალები და ერთად ჩავდოთ ინვესტიცია მსოფლიოს მდგრად მომავალში.

ამ სფეროში სათანადო განათლების მიწოდება დაეხმარება კომპანიებს იფიქრონ და მოიქცნენ ისე, რომ ხელი შეუწყონ თავიანთ ზრდასა და წარმატებას, გააუმჯობესონ თანამშრომელთა კმაყოფილება და შექმნან ჯანსაღი სამუშაო გარემო ორგანიზაციაში. ამას გარდა, CS განათლება ავითარებს ადამიანის პიროვნებას, მიდგომებს და ამზადებს ხალხს ცხოვრებისეული გამოწვევებისთვის. საქართველოში CS განათლება მიზნად ისახავს ბიზნესში, მთავრობაში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში, მედიასა და ახალგაზრდობაში კორპორაციული მდგრადობის კონცეფციის შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლებას, ასევე მდგრადი საბაზრო ეკონომიკის შექმნის გზების პოპულარიზაციას.

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა შექმნა პირველი საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც ქვეყანაში კორპორაციული მდგრადობის წარმატების საწინდარია; ყველა მონაწილე, ვინც გაივლის ჩვენს კურსს, გახდება ცვლილებების ელჩი როგორც კომპანიის შიგნით, ასევე ფართო საზოგადოებაში.

ჩვენს აკადემიაში ჩარიცხვა ორგანიზაციის მდგრად ზრდას და გრძელვადიან მომგებიანობას ნიშნავს. კორპორაციული მდგრადობის აკადემიაში პროფესიული სასერტიფიკატო კურსები ნებისმიერი დაინტერესებული განმცხადებლისთვის ღია იქნება.

ვის შეუძლია განცხადების შემოტანა: კომპანიის წარმომადგენლები და ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც დაინტერესებულია მდგრადი ბიზნესის განვითარებით ან ხელშეწყობით;

სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, რომლებიც მუშაობენ საჯარო დაწესებულებებში, რათა ხელი შეუწყონ პასუხისმგებლიან ბიზნეს საქმიანობას პოლიტიკის დონეზე;

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებსაც სურთ ისწავლონ როგორ ითანამშრომლონ ბიზნესთან მდგრადი პროექტების / საქმიანობის გარშემო;

მედიის წარმომადგენლები, რომლებიც მზად არიან ჩაერთონ ცნობიერების ასამაღლებელ საქმიანობაში CS–ის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის მდგრად განვითარებას.

გააზიარე: