GE

2019 წლის გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების პიონერი საქართველოდან

გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების 2019 წლის საქართველოს წარმომადგენელმა – მაია ქობალიამ, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალის” გარემოსდაცვითი და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გლობალური მიზნების პოპულარიზების საქმეში.

როგორც სოხუმიდან, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, მაია ქობალია, დაახლოებით, 17 წლის განმავლობაში, დედასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობდა დევნილთა ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელში, თბილისში. ამჟამად, მაია 6 ენაზე საუბრობს; სრული დაფინანსებით და სტიპენდიებით სწავლობდა ილიას უნივერსიტეტში/საქართველო, ჰუმბოლტის უნივერსიტეტში/გერმანია, ტარტუს უნივერსიტეტში/ესტონეთი, იაგელონიისა და ლოძის უნივერსიტეტებში/პოლონეთი. გარდა ამისა, სოციალური და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების თემების შესახებ მეტის შესწავლისა და აღმოჩენის სურვილმა წაიყვანა იგი ზამბიაში (ჯერჯერობით საქართველოდან დაშორებულ ყველაზე შორ ‘წერტილში’, სადაც კი აქამდე ყოფილა).
მაია წარმატებას აღწევს ისეთ გარემოში, სადაც გრძნობს, რომ შეუძლია ვითარება უკეთესობისკენ შეცვალოს. ამ რწმენით იგი ცდილობს, ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს, როგორც პლატფორმა პოზიტიური გავლენისთვის, მიუხედავად მოცემულ მომენტში არსებული გამოწვევებისა და სირთულეებისა.  სწორედ ეს პოზიტიური აზროვნება დაეხმარა მას ორი (1992 და 2008 წლების რუსეთ-საქართველოს ომები) ომის შემდგომი კრიზისის გადალახვაშიც.

მაიას სჯერა, რომ, თუ მიუხედავად ყველაფრისა, მან შეძლო ხელი არ ჩაექნია და მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებები გამოეწვია იმ საქმეებით, რომელშიც ჩართულია, მაშინ სხვებიც შეძლებენ.  

მის სამშობლოში, საქართველოში, მაიას შესაძლებლობებს რეალიზების საშუალება მისცა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალმა”, სადაც იგი პასუხისმგებელია კომპანიის გარემოსდაცვით და სოციალურ მიმართულებაზე, ასევე “კრისტალის” ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტებზე. მდგრადი განვითარების მიზნების კომპანიის მასშტაბით დანერგვას კი კრისტალი შემდეგი პროგრამებითა და პროექტებით ახორციელებს: ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტი, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობასთან/UN Women-თან თანამშრომლობით ხორციელდება (მიზანი #5: გენდერული თანასწორობა); ახალგაზრდებში ფინანსური განათლებისა და სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების განვითარება (მიზანი #8: ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა); გარემოზე ზრუნვა კრისტალის მწვანე პროდუქტების დახმარებით, რომელიც ჰოლანდიური განვითარების ბანკის – FMO-ს ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება (მიზანი #7: ხელმისაწვდომი და მდგრადი ენერგია).

“კრისტალი”, როგორც გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრი, 2011 წელს შეუერთდა საქართველოს წარმომადგენლობას. იგი ერთ-ერთი პირველია საქართველოს ფინანსური ინსტიტუტებიდან, რომელმაც რეგიონებში სიღარიბის აღმოფხვრა დაისახა მიზნად და კომპანიის ეს სტრატეგიული მისია გაეროს მდგრადი განვითარების პირველ მიზანს (#1: სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა) დაუკავშირა. ორგანიზაციას უზარმაზარი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის დახმარებითაც, რომელიც 2016 წლიდან არსებობს. პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) თანამშრომლობითა და მისი ფინანსური მხარდაჭერით. მაია ხელმძღვანელობს ქალთა გაძლიერების პროექტებს კომპანიაში, რომელიც 1,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს და რომელსაც 100,000 -ზე მეტი მომხმარებელი ყავს. კრისტალი წარმატებით თანამშრომლობს გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პრინციპების – WEPs-ის (Women Empowerment Principles) ფარგლებში. “კრისტალის” გუნდმა, მაიას ხელმძღვანელობით, მოიპოვა წლის ყველაზე პასუხისმგებლიანი კომპანიის ტიტული  – გრან-პრი – 2018 წელს გამართულ მელიორას კონკურსში. წელს კი მთავარი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდო მიიღო  კატეგორიაში: გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი #5: გენდერული თანასწორობა.

სულ ახლახანს კი USAID-თან და ფონდ “კრისტალთან” პარტნიორობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალმა” დაიწყო ახალი პროექტი, რომლის მნიშვნელოვანი ფოკუსი ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე იქნება. პარტნიორები 1 მილიონზე მეტ ფინანსურ კონტრიბუციას განახორციელებენ ამ მიმართულებით, ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის/YES Georgia-ს (Youth Entrepreneurial Skills for Advancing Employability and Income Generation in Georgia) საშუალებით. აღნიშნული პროექტი არჩეულ იქნა თეთრი სახლის W-GDP (Women’s Global Development and Prosperity Initiative) ინიციატივის მიერ. ეს პროექტი ერთ-ერთია მსოფლიოში შერჩეულ 14 ინიციატივას შორის ევროპისა და ევრაზიის რეგიონში. პროექტის ერთ-ერთი კომპონენტის მიზანია 2,000 ქალის და მათი ოჯახების გაძლიერება, მათზე მორგებული სპეციალური არაფინანსური და საგადასახადო-ფინანსური სერვისების შეთავაზებისა და მენტორინგის დახმარებით.

კომპანიაში – რომელიც ქვეყნის 65-მდე სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში ოპერირებს, მთელი საქართველოს მასშტაბით – “კრისტალის” მენეჯმენტის ერთ-ერთი სოციალური მიზანი არის პასუხისმგებლიანი დაკრედიტების შესახებ ცნობიერების ამაღლება, მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში ახალგაზრდებისა და ქალების ეკონომიკური ჩართულობის ხელშეწყობით. 2018-2019 წლებში, გუნდთან ერთად მაია ხელმძღვანელობდა, ასევე, სოციალური აუდიტის პროცესს, რომელიც 2019 წლის მაისში, გლობალური სარეიტინგო სააგენტოს – მიკროფინანზას  – მიერ “კრისტალისთვის” „A-„ სოციალური რეიტინგის მინიჭებით წარმატებით დასრულდა.  

ბატონი ილია რევია, “კრისტალის” გენერალური დირექტორი: “კრისტალი” მოხარულია, რომ პირველი კომპანიაა რეგიონში, რომელმაც ქალების მიზნობრიობით გამოსცა კორპორატიული ობლიგაციები და რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა მოაწერა ხელი WEPs-ს – გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებს. ჩვენ პირველი ფინანსური კომპანია ვიყავით, ვინც გაეროს მდგრადი განვითარების პირველი მიზანი – სიღარიბის აღმოფხვრა  – კომპანიის სტრატეგიულ მიზნებში შევიტანეთ და მის იმპლემენტაციას ჩვენი მომხმარებლების ეკონომიკური გაძლიერებით ვაპირებთ – კრისტალის მომხმარებლების მეწარმეობისთვის საჭირო კრიტიკული უნარების გაძლიერებით. ჩვენ გვეამაყება, რომ ისეთ შრომისმოყვარე და გულმოდგინე ახალგაზრდა ლიდერებს, როგორიც მაია ქობალიაა, ხელს ვუწყობთ მდგრადი განვითარების მიზნების გავრცელებაში კომპანიისა და ქვეყნის მასშტაბით, რადგან გვჯერა, რომ გლობალურ გამოწვევებზე ადგილობრივი გადაჭრის გზების ძებნის პროცესში მაიასნაირ ახალგაზრდა და გულისხმიერ change-maker-ებს (ცვლილების გამომწვევ ადამიანებს) ჭირდებათ შესაბამისი ცოდნითა და უნარებით აღჭურვა. მაიას კი, როგორც მდგრადი ბიზნესის განვითარების ჩემპიონს, მთელი გულით სჯერა, რომ მდგრადი განვითარების მიზნებზე ორიენტირებულ ბიზნესს შეუძლია დადებითი გავლენა მოახდინოს სამყაროზე.“  

გააზიარე: