GE

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა გენერალური ასამბლეა გამართა

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა 5 ივლისს  გენერალური ასამბლეა გამართა.

დამსწრეებს სიტყვით გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა, ქსელის გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა და საქართველოში შვედეთის საელჩოს პროგრამების ოფიცერმა, თინათინ გენებაშვილმა მიმართეს.

სალომე ზურაბიშვილმა გაეროს გლობალური შეთანხმებისა და მისი ადგილობრივი ქსელის საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მიმდინარე წელს საქართველოს ქსელს 30-მდე ახალი წევრი შემოუერთდა და დღეს, ჯამში, ქსელს 164 წევრი ჰყავს.

„ჩვენი ინიციატივა დაფუძნებულია გაეროს გლობალური შეთანხმების 10 პრინციპზე და ასევე,  გაეროსგან გვაქვს მანდატი მინიჭებული ბიზნეს სექტორში გაეროს მდგრადი განვითარების დღის წესრიგის პოპულარიზაციისთვის. შესაბამისად, ამ ორი ძირითადი ჩარჩო ინსტრუმენტით  ვხელმძღვანელობთ და ვცდილობთ, რომ ეს ინსტრუმენტები მაქსიმალურად დავნერგოთ  ბიზნეს სექტორში,  ვაჩვენოთ ამ ინსტრუმენტების გამოყენების სარგებელი და ამით, მათ შორის, ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და ბაზრის მდგრად განვითარებას“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა შვედეთის მთავრობას და USAID-ს მდგრადი განვითარებისა და პარტნიორული პროექტების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გამგეობის თავმჯდომარემ ქსელის საქმიანობისა და  პლატფორმის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, რომ ორგანიზაციები და კომპანიები, რომლებიც მეტნაკლებად, ერთი მიზნისკენ ისწრაფვიან და საერთო ფასეულობებს იზიარებენ, ერთ დიდ ოჯახად გაერთიანდნენ.

ამ გუნდის დამსახურებაა, რომ საქართველოში კომპანიები და ორგანიზაციები უკვე იაზრებენ და იზიარებენ გლობალურ პრინციპებს და ეს არის ქვეყნის განვითარების გარკვეული ინდიკატორი. ბუნებრივია, სარგებელთან ერთად, არის დიდი პასუხისმგებლობა თითოეული ორგანიზაციისთვის, იყოს  ამ ორგანიზაციის წევრი“,-განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

საქართველოში შვედეთის საელცოს პროგრამების ოფიცერმა, თინა გენებაშვილმა შვედეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილ პროექტზე – „ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში“ ისაუბრა და ქართული ბიზნესის გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„შვედეთის სტრატეგიული თანამშრომლობის მთავარი მიზანია საქართველოსთვის ევროკავშირთან ასოცირების რეფორმების განხორციელების პროცესში მხარდაჭერა. ამ პროცესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ქართული ბიზნესის გაძლიერება. სწორედ ამაში გვეხმარება გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი. ჩვენი მიზანია, რომ ქართული ბიზნესი მოვამზადოთ როგორც ახლანდელი გამოწვევებისთვის, ასევე,  გლობალური, ევროპის ბაზრისთვის“,- განაცხადა თინა გენებაშვილმა და შვედეთის სალჩოს სახელით, მხარდაჭერა და  თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურა.

გენერალური ასამბლეა პრეზენტაციით გაგრძელდა. სალომე ზურაბიშვილმა ქსელის მიერ ერთი წლის განმავლობაში გაწეული სამუშაო შეაჯამა და დამსწრეებს სამომავლო გეგმები გააცნო. წარადგინეს და სერტიფიკატები გადასცეს ქსელის ახალ წევრებსაც.

 ასევე, ღონისძიებაზე დასახელდნენ 2023 წლის ადგილობრივი SDG პიონერები.

„SDG პიონერი არის მნიშვნელოვანი ინიციატივა, რადგან იგი აღიარებს არა მხოლოდ კომპანიებს, როგორც, კორპორაციული მდგრადობის კონკურსი, არამედ აღიარებს ინდივიდს, რომელმაც წვლილი შეიტანა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში, როგორც კომპანიის შიგნით, ასევე, საზოგადოებაში“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, წინა წლებისგან განსხვავებით, გაეროს გლობალური შეთანხმების სათაო ოფისის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს ორი გამარჯვებული გამოვლინდა – მცირე და საშუალო ზომის კომპანიიდან და მსხვილი კომპანიიდან.

გამარჯვებულები სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მიკრო ბიზნეს კაპიტალის“ ოპერაციების დირექტორი, ეთერ ჩაჩიბაია და „თეგეტა მოტორსის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის  ხელმძღვანელი, ნათიკა  ბერძული გახდნენ. გენერალურ ასამბლეას გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს წევრი კომპანიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო/დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

გააზიარე: