საჯარო ლექცია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებზე
7 ივლისს, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კვირეულის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თანამედროვე პრაქტიკა საქართველოში“.
ღონისძიებაზე, რომელსაც 50-მდე პირი ესწრებოდა, მონაწილეებმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ქართული პრაქტიკა განიხილეს და აღნიშნული მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. ასევე, მიმოიხილეს საერთაშორისო პრაქტიკა.
სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოვიდა სამოქალაქო განვითარების სააგენტოს – „სიდას“ CSR მენეჯერი და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის საკონტაქტო პირი, სალომე ზურაბიშვილი. მან ყურადღება გაამახვილა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის არსზე, გაეროს გლობალურ შეთანხმებასა და მის 10 პრინციპზე. სიტყვით გამოსვლისას, „ჯეპრას“ უფროსმა პარტნიორმა და „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის“ გამგეობის წევრმა, კახა მაღრაძემ ყურადღება გაამახვილა CSR-ის მორალურ ვალდებულებებზე, მიზნებზე, არსებულ პრობლემებსა და ვალდებულებებზე.
კერძო კომპანიების წარმომადგენლებმა CSR-ის მიმართულებით, საკუთარ მაგალითებზე ისაუბრეს. „ვითიბი ბანკის“ ვიცე-პრეზიდენტ გიორგი ბარკალაიას თქმით, კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სპორტს, რადგან სპორტი საზოგადოებას აერთიანებს და ჯანსაღ მომავალს უკავშირდება. „ვისოლ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სოციალური პასუხისმგელობის მენეჯერის, რუსუდან კბილაშვილის თქმით, მისმა ორგანიზაციამ ხელი შეუწყო ქვეყანაში მომსახურების სტანდარტის გაუმჯობესებას. კომპანია „ნატახტარის“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ციფრული კომუნიკაციის მენეჯერმა ნინო სურმავამ ისაუბრა იმ საქველმოქმედო კამპანიებზე, რასაც „ფონდი ნატახტარი“ ახორციელებს, ასევე კომპანია ცდილობს ხელი შუეწყოს მზრუნველობა მოკლებული ბავშვების შემდგომ დასაქმებას, ამასთან ეწევა ავტომობილის ფხიზელ მდგომარეობში მართვის სოციალურ კამპანიას. კომპანია „სუფთა სამყარო“ CSR კლუბს 2015 წლიდან შეუერთდა. საჯარო ლექციაზე კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ხატია ალფაიძემ აღნიშნა, რომ CSR პასუხისმგებლიანი კომპანიები საქმიანობაში გამორჩეულები არიან და იზიდავენ მომხმარებლებს.
შეხვედრის დასასრულს დისკუსიაც გაიმართა, სადაც გამომსვლელებმა დამსწრე ახალგაზრდებს სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებთან დაკავშირებულ კითხვებზე უპასუხეს.
1-9 ივლისს, თბილისში იმართება პირველი მასშტაბური ღონისძიება სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით საქართველოში – CSR კვირეული, რომლის ფარგლებში ტარდება ტრენინგები, მასტერკლასები და საინფორმაციო შეხვედრები იმ ძირითად მიმართულებებზე, რომლებსაც მოიცავს თანამედროვე სოციალური პასუხისმგებლობა მსოფლიოსა და საქართველოში.
2015 წლის 27 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ და პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ,,ჯეპრას“ ინიციატივით დაფუძნდა „სოციალური პასუხისმგებლობის კლუბი“, რომელიც წარმოადგენს არარეგისტრირებულ კავშირს. კლუბის მისია მდგომარეობს საზოგადოებაში კორპორაციული სოციალური სოციალური კეთილდღეობის ხელშეწყობაში, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების გზით. კლუბში გაწევრიანება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.