GE

„საქართველოს პარლამენტში საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის მდგრადობის მხარდაჭერა და შესაძლებლობების გაზრდა“ დახურვის ღონისძიება გაიმართა

20 თებერვალს, საგრანტო აქტივობის: „საქართველოს პარლამენტში საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის მდგრადობის მხარდაჭერა და შესაძლებლობების გაზრდა“ დახურვის ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, USAID/კავკასიის მისიის დირექტორი ჯონ პენელი და შვედეთის ელჩის მოადგილე და განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელი ერიკ ილესი.

დამსწრე საზოგადოებას ასევე, სიტყვით მიმართა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა და პარლამენტში საჯარო-კერძო დიალოგის მდგრადი მოდელის დანერგვაზე ისაუბრა.

საგრანტო აქტივობის ძირითად მიღწევებზე ისაუბრა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნატალია ბერუაშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე, საჯარო-კერძო დიალოგის პრეზენტაცია და ვიდეო-რგოლის ჩვენება გაიმართა. საჯარო-კერძო დიალოგის გზამკვლევი გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან ერთად, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით შეიმუშავა. გზამკვლევის მიზანია პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების მხარდაჭერა საჯარო-კერძო დიალოგის წარმატებით წარმართვისა და კერძო სექტორის ეფექტიანი ჩართულობის უზრუნველყოფის მიმართულებებით.

ღონისძიება საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისა და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა.

გააზიარე: