#SDGInnovation – „მდგრადი განვითარების მიზნების ინოვაციის აქსელერაციის პროგრამა ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის”
20 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტი – Caucasus University-ში, გაეროს გლობალური შეთანხმების „მდგრადი განვითარების მიზნების ინოვაციის აქსელერაციის პროგრამა ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის” – პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აქსელერაციის პროგრამებისა და აკადემიის მენეჯერმა, ქეთი ბოჭორიშვილმა და კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუამ.
SDG ინოვაციის აქსელერაციის პროგრამა უკვე მეორედ ტარდება საქართველოში და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ექსკლუზიური პარტნიორია კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი.
შეხვედრას ფასილიტაციას გაეროს განვითარების პროგრამის „საჯარო მმართველობის მხარდაჭერა საქართველოში” პროექტის მენეჯერი, სესილი ვერძაძე უწევდა. ღონისძიების ფარგლებში, ორგანიზატორებმა მონაწილეებს აქსელერაციის პროგრამის შინაარსი, მისია და მიზნები გააცნეს. წარადგინეს აქსელერაციის პროგრამის მენტორები, ასევე, ფასილიტატორი და მონაწილე კომპანიების წარმომადგენლები. შეხვედრაზე, რომლის მთავარი თემაც გამოწვევების ინდენტიფიცირება იყო, პროგრამის მონაწილეები დეტალურად გაეცნენ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს, განიხილეს მათი კომპანიების წინაშე არსებული გამოწვევები და შეასრულეს თემატური სავარჯიშოები. #SDGInnovation აქსელერატორი ახალგაზრდა ინოვატორებისთვის გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელი წევრებისთვის შექმნილი პროგრამაა. პროგრამის მიზანია, დაეხმაროს ახალგაზრდა პროფესიონალებს ბიზნეს ინოვაციებისა და მდგრადი განვითარების მიზნების ეფექტურად დანერგვაში.
აქსელერაციის პროგრამა გაეროს გლობალური შეთანხმების და შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით და კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება.