GE

შრომის ბაზარი და გენდერული თანასწორობა

გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს შორის ქალთა უფლებების თემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, მათ შორის, შრომის ბაზარზე არსებული ვითარებისა და სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციის კუთხით. სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშის თანახმად, დისკრიმინაციის ფაქტებზე მიმართვიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი შრომით ურთიერთობებში განხორციელებულ ფაქტებს უკავშირდება (16%). შრომის თანაბარი ანაზღაურების მიხედვით, საქართველომ 45-ე ადგილიდან 69-ზე გადაინაცვლა, ხოლო მამაკაცის სავარაუდო წლიური შემოსავალი საშუალოდ, ორჯერ აღემატება ქალისას. აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით, არსებული უთანასწორობის აღმოფხვრა მხოლოდ კომპლექსური მიდგომით შეიძლება. 

გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის თემატიკის განხილვისას სექტორთშორისი ურთიერთობა განსაკუთრებით აქტუალურია. ამ პროცესში პარტნიორულ პროექტებს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან შეუძლია, უფრო ფართო აუდიტორიამდე მიიტანოს გენდერული თანასწორობის იდეა და ხელი შეუწყოს სხვადასხვა მიმართულებით მის გაძლიერებას.

სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა კოალიცია „თანასწორობისთვის“, არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ თავმჯდომარეობით და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით დაგეგმილი პროექტი – „კოალიცია თანასწორობისთვის,” რომლის მიზანი იყო საჯარო და კერძო სექტორებში თანასწორობის პოლიტიკის ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში GCNG-თან თანამშრომლობით გაიმართა ტრენინგები შერჩეული ორგანიზაციების („ჰილტონ ბათუმი“, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, გაგუას კლინიკა) იურისტებთან, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და ადამიანური რესურსების ხელმძღვანელებთან. 

„საფარი“ დაეხმარა GCNG-ის წევრ კომპანიებს ბიზნეს პოლიტიკასა და ოპერაციებში გენდერული თანასწორობის დებულებათა ინტეგრაციაში. ორგანიზაციის მიერ გამართულმა ტრენინგებმა „ჰილტონ ბათუმის“, გაგუას კლინიკისა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის თანამშრომლებს დამატებითი მოტივაცია გაუჩინა, გენდერულ ჭრილში უფრო სკრუპულოზურად მიდგომოდნენ თავიანთ პოლიტიკას. ტრენინგებზე, გარდა დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საკითხებისა, განიხილეს ორგანიზაციებში დისკრიმინაციასთან ბრძოლის მექანიზმები და სტრატეგია, რომელიც თანასწორი სამუშაო გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს და მათ შემდგომ წარმატებაზეც აისახება. 

როგორც მუშაობის პროცესში გამოიკვეთა, ორგანიზაციები აცნობიერებენ თანასწორი სამუშაო გარემოს აუცილებლობას და არსებული სურათის გაუმჯობესებისკენ ისწრაფვიან. „ჰილტონი“, როგორც საერთაშორისო ბრენდი, ყველა მოთხოვნას პასუხობს და დისკრიმინაციასთან ბრძოლის მექანიზმებიც დანერგილი აქვს. ის დაარსების დღიდან ცდილობს, განახორციელოს პროგრესული იდეები და იზრუნოს საკუთარი გუნდის განვითარებაზე. „ჰილტონის“ მისიაა, შექმნას კოლექტიური კულტურა ქალთა წინსვლის მხარდასაჭერად – მათი ჩართულობის, გაძლიერებისა და განვითარების ქსელის საშუალებით, რაც შემდგომში მათ კარიერულ ზრდას უზრუნველყოფს.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში დასაქმებულთა შორის გენდერული ბალანსი ქალთა სასარგებლოდაა „დარღვეული,“ თუმცა მმართველ რგოლში ამ კუთხით სრული თანაფარდობაა: სხვადასხვა მიმართულებით მმართველ პოზიციებზე დასაქმებულია 11 ქალი და 11 მამაკაცი.

ზოგადი ტენდენციით თუ ვიმსჯელებთ, საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმება ქალებისთვის უფრო მიმზიდველია, ამიტომ ორგანიზაცია „საფარის“ ტრენინგებს უნივერსიტეტში განსაკუთრებული ცვლილებების საჭიროება არ მოჰყოლია. რაც შეეხება ბალანსის დაცვას მმართველ პოზიციებზე (იქ, სადაც უნივერსიტეტს მეტი ბერკეტი აქვს), ამ მიმართულებითაც სრული თანაფარდობაა.

გაგუას კლინიკაში დასაქმებულთა შორის გენდერული ბალანსი უმეტესად დაცულია. დაწესებულების სპეციფიკიდან (სამეანო-გინეკოლოგიური) გამომდინარე, კონკრეტული მიმართულებით (მაგ. ექთნები, პედიატრები, რადიოლოგები) ქალები ჭარბობენ, თუმცა მმართველ პოზიციებზე მამაკაცები უფრო მეტნი არიან. ამის მიუხედავად, ორგანიზაციისთვის ქალთა თემა მნიშვნელოვანია და სამომავლოდ, მენეჯმენტის თქმით, მეტად იზრუნებენ მმართველ რგოლში გენდერული ბალანსის გასაუმჯობესებლად.

ეს საკითხი არა მხოლოდ ღირებულებითი თვალსაზრისით, ფინანსური კუთხითაც მნიშვნელოვანია: კვლევების შედეგები მოწმობს, რომ ორგანიზაციები, რომელთა მმართველ რგოლშიც დაბალანსებულია გენდერული თანაფარდობა, ფინანსურად უფრო მდგრადები და მეტად შემოსავლიანები არიან. გარდა ამისა, ეს ყველაფერი დადებითად აისახება კომპანიების კორპორაციულ პასუხისმგებლობაზეც, რაც დიდ როლს ასრულებს მათი სამომავლო განვითარების თვალსაზრისით. 

სტატია მომზადებულია გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ ჟურნალისთვის Sustainability Spotlightშვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.

გამოგვყევით გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის Facebook გვერდზე https://www.facebook.com/GCNgeorgia

გააზიარე: