GE

ბიზნესის კეთილსინდისიერება და კოლექტიური ძალისხმევა კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ – შეხვედრა

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით და სელფი მობაილის თანათავმჯდომარეობით, 2025 წლის 27 თებერვალს გაიმართა სამოქმედო პლატფორმის – „ბიზნესის კეთილსინდისიერება და კოლექტიური ძალისხმევა კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ“ შეხვედრა.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნინო კვანტრიშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა აღნიშნული პლატფორმის მნიშვნელობას და სელფი მობაილს, როგორც 2025 წლის პლატფორმის თანათავმჯდომარეს, წარმატება უსურვა.

შეხვედრაზე მთავარი მომხსენებელი იყო სელფი მობაილის მთავარი შესაბამისობის ოფიცერი – ია მამეიშვილი, რომელმაც შესაბამისობის სტანდარტების შესახებ ვრცლად ისაუბრა.

კორპორაციული შესაბამისობის (compliance) პროგრამა არის სისტემებისა და მექანიზმების ერთობლიობა, რომელიც ორგანიზაციას ეხმარება აღმოაჩინოს, პრევენცია მოახდინოს და შეამსუბუქოს სამართლებრივი და ეთიკური რისკები. ის უზრუნველყოფს ბიზნესის რეგულაციებთან შესაბამისობას, იცავს კომპანიის რეპუტაციას და აძლიერებს კონკურენტუნარიანობას. სამოქმედო პლატფორმა “ბიზნესის კეთილსინდისიერება და კოლექტიური ძალისხმევა კორუფციის წინააღმდეგ” ყოველკვარტლურად იმართება და მისი მიზანია კერძო სექტორის გაძლიერება ბიზნესის კეთილსინდისიერების და ეთიკის მიმართულებით.

27 თებერვალს გამართულ შეხვედრას გაეროს გლობალური შეთანხმების მონაწილე 20 – ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.

გააზიარე: