GE

GCNG-სა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით ბიზნესისა და ადამიანის უფლებების ფორუმი გაიმართა

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, 14 დეკემბერს, მედიატორის დღესთან დაკავშირებით, ქვეყანაში პირველად, ბიზნესისა და ადამიანის უფლებების ფორუმი გაიმართა.

ღონისძიებაზე, რომელშიც მონაწილეობა საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს, ბიზნესისა და ადამიანის უფლებების გაეროს სახელმძღვანელო პრინციპების 1-ელი და მე-3 სვეტების განხორციელებაში სახელმწიფოს მიერ მიღწეული პროგრესი განიხილეს.

წარმოდგენილი პრეზენტაციები და გამართული დისკუსია შეეხო საქართველოს მთავრობის მიერ პოლიტიკის დონეზე მიღებულ მექანიზმებს, რომელიც ბიზნეს სექტორში გაეროს სახელმძღვანელო პრინციპების დანერგვას ახალისებს, ასევე, ქვეყანაში არსებული დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის ეფექტიანობას, რომელიც გაეროს სახელმძღვანელო პრინციპების მე-3 სვეტიდან გამომდინარეობს.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა, აშშ-ის განვითარების სააგენტოს კერძო სექტორთან თანამშრომლობის კოორდინატორმა ბევერლი ჰუვერმა და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა გახსნეს.

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის კონსულტანტმა, ირინე ურუშაძემ სახელმწიფო საწარმოებში ბიზნესისა და ადამიანის უფლებების სახელმძღვანელო წარადგინა.

ფორუმში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატის, მთავრობის ადმინისტრაციის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნეს გაერთიანებების წარმომადგენლებმა მიიღეს.

გააზიარე: