GE

COP28 დუბაი – გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მონაწილე მხარეთა 28-ე კონფერენციაშია

2-8 დეკემბერს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა და აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ნინო კვანტრიშვილმა, დუბაიში, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მონაწილე მხარეთა 28-ე კონფერენციაში (COP28) მიიღეს მონაწილეობა.

კონფერენციის ფარგლებში, 70 ათასზე მეტმა დელეგატმა კლიმატის ცვლილებებიდან მომდინარე საფრთხეების გადაჭრის გზები განიხილა. მათ შორის, მსჯელობა შეეხო გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის 1.5 ცელსიუსამდე შეზღუდვასა და 2050 წლისთვის ნულოვანი ემისიის მიღწევას.

საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი, სალომე ზურაბიშვილი, მოდერატორის რანგში, წარუძღვა გაეროს გლობალური შეთანხმების უკრაინის ქსელის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას Building Business Resilience through ESG Strategies. სალომე ზურაბიშვილმა, ასევე, მოდერაცია გაუწია გაეროს გლობალური შეთანხმების ესპანეთის ქსელის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას Science Based Targets (SBTi) Leading Companies.

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წარმომადგენლებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს პარალელურად დაგეგმილ არაერთ ღონისძიებაში, მათ შორის: გაეროს გლობალური შეთანხმებისა და სხვა ადგილობრივი ქსელების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში: მაღალი დონის შეხვედრაში Caring for Climate, მდგრადი განვითარების მიზნების ინვესტიციების ფორუმში და დისკუსიაში – „ქალთა ჩართულობა კლიმატის ცვლილებასა და მდგრად განვითარებში“.

კონფერენციის ფარგლებში, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წარმომადგენლების მიერ გამართული შეხვედრებისას, განხილულ იქნა მომდევნო წლებში, კონფერენციაში საქართველოდან კერძო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობის შესაძლებლობები.

COP28-ს ქვეყნების ლიდერები და ეროვნული დელეგაციები, ბიზნესის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ვიზიტი ორგანიზებული იყო გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის – „ლიდერობა მდგრადი განვითარებისათვის“ ფარგლებში.

გააზიარე: