GE

GCNG-ის წარმომადგენლებმა გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელების რეგიონულ ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა და აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ქსელების საბჭოს თავმჯდომარემ, სალომე ზურაბიშვილმა და გლობალური შეთანხმების ინიციატივების კოორდინატორმა, ქეთევან ბოჭორიშვილმა, 4-6 ოქტომბერს, კოპენჰაგენში,  გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელების რეგიონულ ფორუმში მიიღეს მონაწილეობა.

2022 წლის რეგიონული შეხვედრის მიზანი 2023 წლის გლობალური და რეგიონული დაგეგმვა, ახალი ბიზნეს-მოდელის დანერგვის პროცესის შეფასება, ასევე,  გლობალური და ლოკალური თანამშრომლობის გაძლიერება იყო.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ და გაეროს გლობალური შეთანხმების აღმასრულებელმა დირექტორმა, სანდა ოჯიამბომ გახსნა. მან ყურადღება ინიციატივის უნიკალურობაზე გაამახვილა. სანდრა ოჯიამბომ ისაუბრა  გლობალური შეთანხმების ერთიან ოჯახზე, რომელიც ნიუ-იორკის სათაო ოფისისა და ადგილობრივი ქსელების 400-ზე მეტ თანამშრომელს, 17 000 კომპანიას, და 4000 არასამეწარმეო ორგანიზაციას აერთიანებს და შესაბამისად, აქვს შესაძლებლობა, რომ ერთობლივი ძალისხმევით,  მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს გაეროს მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შესრულებაში.

კვირის განმავლობაში, ადგილობრივმა ქსელებმა რეგიონული ინიციატივებისა და აქსელერაციის ახალი პროგრამების განხორციელების, მიკრო საწარმოებისა და არასამეწარმეო ორგანიზაციების მიმართ არსებული პოლიტიკის ცვლილებაზე, ადგილობრივ ქსელებში დიჯიტალიზაციის პროცესზე, ფონდების მოძიების 2023 წლის სტრატეგიაზე, მთავრობებთან ურთიერთობის პოლიტიკაზე, პროგრამულ აქტივობებში ევროკავშირის რეგულაციების ინტეგრირებასა და სხვა საკითხებზე იმსჯელეს.  

შეხვედრის ფარგლებში, გლობალური შეთანხმების უკრაინისა და პოლონეთის ადგილობრივმა ქსელებმა უკრაინაში არსებული მდგომარეობისა და ბიზნესის მხარდამჭერი ინიციატივების შესახებ წარადგინეს ინფორმაცია.

სამუშაო ვიზიტი ორგანიზებული იყო  გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.

გააზიარე: