GE

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა 2023 წლის SDG პიონერები დაასახელა

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გენერალურ ასამბლეაზე 2023 წლის ადგილობრივი SDG პიონერები დასახელდნენ.

2023 წელს, პირველად, გამარჯვებულები ორ კატეგორიაში გამოვლინდნენ – მსხვილი ადგილობრივი ან საერთაშორისო კომპანიიდან და მცირე და საშუალო კომპანიიდან.

გამარჯვებულები სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მიკრო ბიზნეს კაპიტალის“ ოპერაციების დირექტორი, ეთერ ჩაჩიბაია და „თეგეტა მოტორსის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის  ხელმძღვანელი, ნათიკა  ბერძული გახდნენ.

ეთერ ჩაჩიბაია

ეთერ ჩაჩიბაიას ხელმძღვანელობით, დაახლოებით ხუთი წლის წინ, „მიკრო ბიზნეს კაპიტალმა“ დაიწყო მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრირება ბიზნეს სტრატეგიაში. დაარსების დღიდან კომპანიის ბიზნეს მიდგომა იყო ეთიკური და პასუხისმგებლიანი ქცევა. გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების უკეთ გაცნობის შემდეგ, ეთერმა გადაწყვიტა ხელი შეეწყო მათი ბიზნეს სტრატეგიაში ინტეგრაციის პროცესს. ეთერ ჩაჩიბაიას როლი მნიშვნელოვანი იყო იმის გააზრებაში, რომ კომპანიისთვის აუცილებელია ბიზნესის მდგრადი მართვა, რასაც სარგებელი მოაქვს არა მხოლოდ  დაინტერესებული მხარეებისთვის, არამედ წვლილი შეაქვს უფრო ფართო გლობალური მდგრადობის დღის წესრიგში.

ნათიკა ბერძული

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა თეგეტა მოტორსის საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. მეტიც, კომპანია საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვას საკუთარ იდენტობად მიიჩნევს.  ბოლო ორი წლის განმავლობაში, ნათიკა ბერძულის ხელმძღვანელობით, კომპანიამ მრავალი სასიკეთო ცვლილება განახორციელა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით. თეგეტა მოტორმა თანამშრომლობა დაიწყო საერთაშორისო ორგანიზაციებთან მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად და პარტნიორებთან ერთად, უპრეცენდენტო პროექტები განახორციელა. კომპანიამ შექმნა ოფიციალური CSR დოკუმენტი, საერთაშორისოდ აღიარებული ისეთი სტანდარტების მიხედვით, როგორიცაა SASB, GRI და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა  კორპორაციული კულტურის განუყოფელ ნაწილად აქცია. თეგეტა ამაყობს, რომ პირველი მსხვილი ქართული კომპანიაა, რომელმაც მსგავსი დოკუმენტი შექმნა.

„SDG პიონერი არის მნიშვნელოვანი ინიციატივა, რადგან იგი აღიარებს არა მხოლოდ კომპანიებს, როგორც, კორპორაციული მდგრადობის კონკურსი, არამედ აღიარებს ინდივიდს, რომელმაც წვლილი შეიტანა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში, როგორც კომპანიის შიგნით, ასევე, საზოგადოებაში“,- განაცხადა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა.

 „SDG პიონერების პროგრამა აღიარებს პროფესიონალებს, რომლებიც ხელს უწყობენ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას ინოვაციურ გადაწყვეტილებებით,  ახალი ტექნოლოგიების, ინიციატივებისა და ბიზნეს მოდელების მეშვეობით. ვიმედოვნებთ, რომ მათი საქმიანობა შთააგონებს სხვებსაც, რათა ხელი შეუწყონ გლობალური მიზნების მიღწევას ათი პრინციპის განხორციელებით“,- აცხადებს გაეროს გლობალური შეთანხმების აღმასრულებელი დირექტორი, სანდა ოჯიამბო.

გაეროს გლობალური შეთანხმება გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური ინიციატივაა.

18 000 – ზე მეტი კომპანიითა და 3.800 არასამეწარმეო ორგანიზაციით, გაეროს გლობალური შეთანხმება კორპორაციული მდგრადობის ყველაზე დიდი ინიციატივაა მსოფლიოში, რომელიც ხელს უწყობს ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას.

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი საქართველოში დაარსებული არაკომერციული იურიდიული პირია, რომელიც, ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, მჭიდროდ თანამშრომლობს გლობალური შეთანხმების ოფისთან (GCO), ქვეყანაში გაეროს გლობალური შეთანხმების პოპულარიზაციისა და ათ პრინციპთან ბიზნეს ოპერაციების შესაბამისობის გასაუმჯობესებლად. ორგანიზაცია, ქვეყნის დონეზე, ეხმარება ინიციატივის დამკვიდრებას სხვადასხვა ეროვნულ, კულტურულ და ენობრივ კონტექსტში, ასევე პასუხისმგებელია გაეროს გლობალური შეთანხმების მონაწილეთა ჯგუფების მართვაზე კონკრეტულ ქვეყანაში.

ეთერ ჩაჩიბაია და ნათიკა ბერძული, სხვა კანდიდატებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ SDG პიონერების საერთაშორისო კონკურსში, რომელშიც გამარჯვებულები 2023 წლის სექტემბერში, გაეროს გლობალური შეთანხმების ლიდერთა სამიტზე გამოვლინდებიან.

საკონტაქტო პირი:

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი

ბაკურ კვარაცხელია

პროექტებისა და ფონდების მოძიების მიმართულების ხელმძღვანელი

ტელ: 591 883 767

ელ.ფოსტა: bakur@unglobalcompact.ge

გააზიარე: