GE

კორპორაციული მდგრადობის აკადემიის კურსი

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა კორპორაციული მდგრადობის აკადემია 2020 წელს, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) პარტნიორობითა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით დაარსა. აკადემიის მიზანია საზოგადოებაში ბიზნესის და ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება, აღნიშნულ თემაზე განათლების ხელმისაწვდომობა დაინტერესებული მხარეებისთვის და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება ისეთ თემებზე, როგორიცაა სოციალური, გარემოსდაცვითი და მმართველობითი (Environmental, Social and Governance – ESG) საკითხები.

სასწავლო კურსს უძღვებიან მაღალკვალიფიციური ლექტორები – კერძო და საჯარო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

მდგრადობის აკადემიის სასწავლო კურსი 7 მოდულს მოიცავს:

  • ბიზნესი და ადამიანის უფლებები საქართველოში
  • ეთიკა და ეთიკური გადაწყვეტილებების მიღება
  • ეთიკური ლიდერობა და ადამიანური რესურსების მდგრადი მართვა
  • მდგრადობის სოციალური და გარემოსდაცვითი ასპექტები
  • სახელმწიფო ინსენტივები კორპორაციული მმართველობის ხელშესაწყობად
  • კორუფციასთან ბრძოლა
  • შედეგების ეფექტიანი მართვა და კოორდინირება

9-11 ივნისს, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით გაიმართა მოკლე კურსი ,,საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიური სააგენტოსა“ და ,,აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლებისთვის, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ კორპორაციული პასუხისმგებლობის ძირითად საკითხებს და საერთაშორისო/ადგილობრივ დონეზე არსებულ სტანდარტებსა და პრაქტიკულ მაგალითებს.

კურსი მხარდაჭერილია შვედეთის მთავრობისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ ACCESS პროგრამის ფარგლებში.

გააზიარე: