GE

GCNG-ის ორგანიზებით, საგზაო უსაფრთხოების შესახებ მულტისექტორული პარტნიორული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით, 20 მაისს, საგზაო უსაფრთხოების შესახებ ახალი, მულტისექტორული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტის განხორციელების პროცესში კერძო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოება და სახელმწიფო ჩაერთვება. მისი მიზანია, საგზაო უსაფრთხოების მდგრადი სტანდარტებისა და წესების შესახებ კომპანიებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებისათვის სასერტიფიკატო ონლაინ კურსის შემუშავება, ტრენინგების ჩატარება და საზოგადოებაში საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლება.

საგზაო უსაფრთხოების წესების შესახებ ტრენინგები ორ ეტაპად ჩატარდება: პირველ ეტაპზე ტრენინგები ჩაუტარდებათ მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებს იმ რეგიონებში, სადაც ახალი მუნიციპალური ტრანსპორტი შეიყვანეს. ასეთებია: გორი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, თელავი და თბილისი. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ამჟამად კვალიფიციური მძღოლების შერჩევა მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ შერჩეულმა მძღოლებს ჰქონდეთ ინფორმაცია საგზაო უსაფრთხოების ყველა წესის შესახებ და იცავდნენ მათ. კომპანიები და ორგანიზაციები მათთვის საგზაო უსაფრთხოების წესების შესახებ ტრენინგების ჩასატარებლად გაერთიანდებიან. მეორე ეტაპზე, ტრენინგები ჩატარდება და ასევე, ონლაინ სასერტიფიკატო მოდული შემუშავდება კერძო კომპანიების მძღოლებისთვის.

საგზაო უსაფრთხოების შესახებ პროექტის პარტნიორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ და საავტომობილო სპორტის ფედერაცია (ონლაინ სასერტიფიკატო მოდულზე მუშაობა); ახალგაზრდული ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ (შშმ პირების უსაფრთხო გადაადგილების ტრენინგები). ასევე პროექტში ჩართული არიან გორის მუნიციპალიტეტში მოღვაწე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები – საზოგადოება ”ბილიკი” და „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი“.

გააზიარე: