GE

რეგიონებში მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების საკითხებზე იმსჯელეს

12-19 აპრილს „სიდას” და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების თემაზე საქართველოს ხუთ ქალაქში – ახალქალაქში, ქუთაისში, ბათუმში, გორსა და მარნეულში შეხვედრები გამართეს. შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრები ემსახურებოდა დაინტერესებული მხარეებისთვის აღნიშნული მიზნების გაცნობას, მიზნების განხორციელების პროცესში ყველა მხარის ჩართვის აუცილებლობის წარმოჩენასა და თითოეული მხარის როლის განსაზღვრას. მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს მიზნების ნაციონალიზაციის პროცესი და წარუდგინეს მთავრობის მიერ გამოყოფილი 13 პრიორიტეტული მიზანი.

მდგრადი განვითარების 17 მიზანი გაეროს მიერ 2015 წლის 25 სექტემბერს მიღებული დოკუმენტის – „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა :2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის“ ნაწილია, რომელიც მდგრადი განვითარების სამივე მიმართულებას (ეკონომიკურს, სოციალურსა და ეკოლოგიურს) მოიცავს და მიზნად ისახავს ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანთა კეთილდღეობას.

შეხვედრები გაიმართა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დაფინანსებული პროექტის, „ ინკლუზიური დიალოგის გაგრძელება 2015 წლის შემდგომი განვითარების დღის წესრიგის იმპლემენტაციის საშუალებებთან დაკავშირებით“ ფარგლებში, რომელსაც “სიდა” და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ახორციელებს.

გააზიარე: