GE

რითეილ ასოციაცია გაეროს გლობალურ შეთანხმებას შეუერთდა

მსოფლიოში ყველაზე დიდ კორპორაციული მდგრადობის ინიციატივას, გაეროს გლობალურ შეთანხმებას სასურსათო ქსელური მარკეტების გაერთიანება რითეილ ასოციაცია შეუერთდა.

რითეილ ასოციაცია 12 სასურსათო ქსელურ მარკეტს აერთიანებს („სპარი“, „ნიკორა“, „კარფური“, „აგროჰაბი“, „უნივერსამი“, „დეილი“, „სმარტი“, „მაგნიტი“, „ზღაპარი“, „გუდვილი“, „გალფ სთორი“ და „ვეი მარტი“), რომლებიც ქვეყანაში უმსხვილესი დამსაქმებლები არიან და დაახლოებით, 30 000 თანამშრომელი ჰყავთ. ამასთან, ქსელური მარკეტები ბაზრის მნიშვნელოვან მოთამაშეებს წარმოადგენენ და მთლიან შიდა პროდუქტში მათი წილი დაახლოებით 4%-ია.

როგორც გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ბიზნესთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელი რატი ზაუტაშვილი განმარტავს, თანამშრომლობის საწყის ეტაპზე, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი რითეილ ასოციაციისთვის უზრუნველყოფს ყველა იმ საერთაშორისო პრინციპებისა და სტანდარტების გაზიარებას, რომელიც გლობალური შეთანხმების 10 პრინციპს და მდგრადი განვითარების დღის წესრიგს შეეხება; მუდმივ რეჟიმში მიაწვდის ბიზნესისა და ადამიანის უფლებების სფეროში მიმდინარე სიახლეებსა და ტენდენციებს.

გლობალური შეთანხმების 10 პრინციპი გულისხმობს ბიზნესის მხრიდან საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლებების და შრომის უფლებების პატივისცემას, გარემოსთვის ნაკლები ზიანის მიყენებისთვის შესაბამისი ტექნოლოგიების დანერგვასა და ზოგადად, ეკოლოგიაზე ზრუნვას, ასევე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას.

რითეილ ასოციაციას წვდომა ექნება კორპორაციული მდგრადობის პლატფორმის საინფორმაციო რესურსებსა და სამოქმედო პლატფორმებზე და ამასთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კომპანიის მიერ მომზადებულ 73 000-ზე მეტ არაფინანსურ ანგარიშზე. აღნიშნული ასოციაციას საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და წევრი ორგანიზაციებისთვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაში დაეხმარება.

,ჩვენი თანამშრომლობა მიზნად ისახავს ბიზნეს სექტორში კორპორაციული მდგრადობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ყოველდღიურ საქმიანობაში. რაც შეეხება ბიზნეს სარგებელს – როდესაც კომპანია ყოველდღიურ საქმიანობაში მდგრადობის სტრატეგიას ნერგავს, იგი აუმჯობესებს: თანამშრომლებთან ურთიერთობას, მომხმარებელთა უფლებების პატივისცემას, ინოვაციური მიდგომების დანერგვას, ოპერაციულ ეფექტიანობას, გაყიდვებსა და მარკეტინგს. ეს, ერთის მხრივ, იწვევს დაინტერესებული მხარეების კმაყოფილებას და ფინანსებზე მეტ ხელმისაწვდომობას, მეორეს მხრივ კი – საზოგადოებისა და გარემოს კეთილდღეობას,“- განმარტავს რატი ზაუტაშვილი.

გააზიარე: