GE

რითეილ ასოციაციამ კორპორაციული მდგრადობის აკადემიის სასერტიფიკატო კურსი დაასრულა

რითეილ ასოციაციის წევრმა კომპანიებმა: “გუდვილმა”, “კარფურმა”, “სპარმა”, “მაგნიტმა”, “ზღაპარმა” და “დეილიმ” კორპორაციული მდგრადობის აკადემიაში 60 საათიანი სასერტიფიკატო კურსი წარმატებით დაასრულეს.

კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.

მონაწილეებმა დაფარეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ეთიკა და ეთიკური ლიდერობა, ადამიანური რესურსების მართვა, მდგრადი კორპორაციული მმართველობა, ბიზნესის კეთილსინდისიერება და კორუფციასთან ბრძოლა, კომუნიკაცია და ანგარიშგება და ა.შ

2020 წელს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან პარტნიორობითა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, კორპორაციული მდგრადობის აკადემია დააარსა. აღსანიშნავია, რომ კორპორაციული მდგრადობის აკადემიის სხვადასხვა სასწავლო კურსი უკვე წარმატებით გაიარა 200-ზე მეტმა მონაწილემ, მათ შორის, მთავრობის, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა.

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი აქტიურად უწევს პოპულარიზაციას მდგრადი განვითარების დღის წესრიგისა და ბიზნეს სფეროში გაეროს გლობალური შეთანხმების 10 პრინციპის შესახებ ცნობიერების გაზრდას. ქსელი მხარდაჭერას უწევს კომპანიებს, ბიზნეს გეგმებსა და ოპერაციებში მდგრადობის სტანდარტების ინტეგრირება მოახდინონ. მიუხედავად ამისა, გამოწვევები რჩება და, როგორც კვლევებმა აჩვენა, კერძო სექტორში ცოდნის ნაკლებობა და ცნობიერების ამაღლების საჭიროება კვლავ დგას.

აღნიშნული მიმართულებით სათანადო განათლების მიწოდება დაეხმარება კომპანიებს, იფიქრონ და მოიქცნენ ისე, რომ ხელი შეუწყონ ზრდასა და წარმატებას, გააუმჯობესონ თანამშრომელთა კმაყოფილება და ორგანიზაციაში შექმნან ჯანსაღი სამუშაო გარემო. ამას გარდა, CS განათლება ავითარებს ადამიანის პიროვნებას, მიდგომებს და ამზადებს საზოგადოებას გამოწვევებისთვის. საქართველოში CS განათლება მიზნად ისახავს ბიზნესში, მთავრობაში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში, მედიასა და ახალგაზრდობაში კორპორაციული მდგრადობის კონცეფციის შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლებას, ასევე მდგრადი საბაზრო ეკონომიკის შექმნის გზების პოპულარიზაციას.

გააზიარე: