GE

„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტთან დაკავშირებით საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი გაიმართა

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა და საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, ასევე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან თანამშრომლობით,  27 სექტემბერს „საჯარო შესყიდვების შესახებ“  კანონპროექტთან დაკავშირებით საჯარო-კერძო დიალოგი გამართა.

საჯარო-კერძო დიალოგის მიზანი ,,საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და კერძო სექტორთან ერთად განხილვა იყო.

შეხვედრაზე წარადგინეს „საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონპროექტის საკომუნიკაციო დოკუმენტი წარადგინეს, რომელიც  გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ექსპერტმა, კახა მაღრაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამასთან მჭიდრო თანამშრომლობით მოამზადა.

დიალოგის ფარგლებში, ასევე, განხილულ იქნა რეფორმის დღის წესრიგი საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების კონტექსტში, კანონპროექტის ინსტიტუციური ჩარჩო, ზოგადი მიმოხილვა და ძირითადი ასპექტები. შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, იმსჯელეს ახალ პროცედურებსა და ინსტრუმენტებზე,  კანონპროექტით გათვალისწინებული სიახლეების ძირითადი არსსა და გამოწვევებზე, აგრეთვე,  მდგრადი საჯარო შესყიდვების კონცეფციაზე.

შეხვედრა გაიმართა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის საგრანტო აქტივობის ფარგლებში:„საქართველოს პარლამენტში საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის მდგრადობის მხარდაჭერა და შესაძლებლობების გაზრდა“, რომელსაც გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით ახორციელებს.

გააზიარე: