სამუშაო ვიზიტი ბელგიაში
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნინო კვანტრიშვილი და აქსელერაციის პროგრამებისა და აკადემიის მენეჯერი ქეთი ბოჭორიშვილი, ქსელის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, 2025 წლის 8-12 დეკემბერს ბელგიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.
ვიზიტში მონაწილეობენ ალდაგის, აჭარისწყალი ჯორჯიას, ბიოდიზელ ჯორჯიას, თიბისი ბანკის, ჯიპიაი ჰოლდინგის, ჯორჯიან ფექიჯინგის, ლიბერთი ბანკის, ოქსიჯენ პლუსის, IT აკადემია სტეპის და Salt Projects-ის წარმომადგენლები.
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა ევროპის ფინანსური ანგარიშგების მრჩეველთა ჯგუფის (EFRAG) აღმასრულებელ დირექტორ სასკია სლომპთან, მდგრადობის მიმართულების უფროს ტექნიკურ მენეჯერ ელისა ბევილაქუასთან, მდგრადობის ანგარიშგების უფროს ტექნიკურ მენეჯერ ბერნჰარდ ფრეისთან და მდგრადობის ანგარიშგების გუნდის უმცროს ტექნიკურ მენეჯერ მათიას მინგაზინისთან.შეხვედრაზე განიხილეს კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების დირექტივა (CSRD) და ნებაყოფლობითი სტანდარტი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (VSME).
ასევე, შეხვედრა გაიმართა Accountancy Europe-ს აღმასრულებელ დირექტორ ელკო ვან დერ ენდენთან, ანგარიშგების მიმართულების ხელმძღვანელ ჯონა ბაშასთან, ადვოკატირებისა და პოლიტიკის მიმართულების მრჩეველ ლეონარდო ბოტიჩელისთან, პროფესიული მომსახურების უფროს დირექტორ პოლ გისბისთან და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელთან, ვიტა რამანუსკაიტესთან. მასპინძლებმა მონაწილეებს გაუზიარეს ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ, ისაუბრეს, თუ როგორ უწყობს ხელს Accountancy Europe მდგრადი დაფინანსებისა და კარგი მმართველობის განვითარებას მთელ ევროპაში.ასევე, განიხილეს კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების დირექტივა (CSRD), ომნიბუსის რეგულაციას, ევროპის მდგრადობის ანგარიშგების სტანდარტები (ESRS) და ნებაყოფლობითი სტანდარტი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (VSME).
გარდა ამისა, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გუნდის და წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს გაეროს გლობალური შეთანხმების დასავლეთ ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონულ ხელმძღვანელ გრიტ კატაერტთან, სადაც საუბარი შეეხო გაეროს გლობალური შეთანხმების თანამშრომლობას ევროკავშირის ინსტიტუტებთან, მდგრადობის რეგიონულ ტენდენციებს, კერძო სექტორთან პარტნიორობებსა და ქართული კომპანიებისთვის გაეროს სააგენტოებთან თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებს. ასევე, განიხილეს გაეროს გლობალური შეთანხმების როლი ევროპულ კონტექსტში, კერძო სექტორის წვლილის მხარდაჭერის კუთხით მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) განხორციელებაში.
შეხვედრები გაიმართა ევროკავშირის ინსტიტუტებში, სადაც ვიზიტის მონაწილეები გაეცნენ, თუ როგორ უწყობენ ხელს ევროპული ინსტიტუტები და კერძო სექტორი პასუხისმგებლიანი ბიზნესის კულტურის, მდგრადი მმართველობისა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას, და როგორ შეუძლიათ ქართულ კომპანიებს საკუთარი საქმიანობის ევროპულ რეგულაციებსა და პრაქტიკებთან დაახლოება.
ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წარმომადგენლები ევროპარლამენტში იმყოფებოდნენ, სადაც ინსტიტუტის საქმიანობის სპეციფიკას გაეცნენ და შეხვედრა გამართეს საქართველოს საკითხებში მუდმივ მომხსენებელთან, ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენესთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს პროგრესი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. დისკუსიამ ხაზი გაუსვა კერძო სექტორის მნიშვნელოვან როლს ევროპული სტანდარტების მიღწევაში.
შეხვედრები გაიმართა ევროკომისიაშიც. კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ქმედების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის (DG CLIMA) წარმომადგენლებთან, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წარმომადგენლებმა ევროკავშირის კლიმატის პოლიტიკასა და მდგრად დაფინანსებაზე იმსჯელეს. განხილული იქნა, თუ როგორ უჭერს მხარს მდგრადი დაფინანსება მწვანე პოლიტიკაზე გადასვლას, კლიმატისა და ფინანსური პოლიტიკის ურთიერთქმედებას და ძირითად მარეგულირებელ ცვლილებებს, რომელიც კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ. მონაწილეებმა მიიღეს ღირებული ინფორმაცია ევროკავშირის კლიმატის მიზნებთან უფრო მჭიდრო შესაბამისობის შესაძლებლობების შესახებ.
ასევე, გაიმართა შეხვედრა ფინანსური სტაბილურობის, ფინანსური მომსახურებისა და კაპიტალის ბაზრების კავშირის საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის (DG FISMA) წარმომადგენლებთან, სადაც განხილულ იქნა ევროკავშირის მდგრადი დაფინანსების ჩარჩო, მათ შორის ტაქსონომიის განვითარება, გამჟღავნების მოთხოვნები და დაფინანსების როლი ევროპული მწვანე შეთანხმების წინსვლაში. გამართულ დისკუსიაზე ხაზი გაესვა, თუ როგორ მოქმედებს ევროკავშირის პოლიტიკა ბიზნეს ქცევასა და საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე, განსაკუთრებით მეზობელ ქვეყნებში მოქმედი კომპანიებისთვის.
ევროკომისიაში გამართულ შეხვედრაზე, ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მდგრადი მმართველობის მიდგომებსა და კერძო სექტორის როლზე მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში. საუბარი შეეხო ევროკავშირის კორპორაციული მდგრადი განვითარების სტრატეგიას, მარეგულირებელ ჩარჩოს და ბიზნესთან ჩართულობას გამჭვირვალობისა და პასუხისმგებლიანი ბიზნეს ქცევის ხელშეწყობის მიზნით, ევროკავშირის მწვანე შეთანხმებისა და მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის ფარგლებში.
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გუნდისა და წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ევროსაბჭოში. დისკუსიებისას ყურადღება მდგრადობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ფორმირებაში ევროპული საბჭოსა და ევროკავშირის საბჭოს როლზე გამახვილდა. ხაზი გაესვა კორპორაციული მდგრადობის დირექტივებსა და ბიზნესის ჩართულობას მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) განხორციელებაში.
ასევე, შეხვედრა გაიმართა ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ კომიტეტთან (EESC), რეგიონების კომიტეტთან და ევროპული წრიული ეკონომიკის დაინტერესებულ მხარეთა პლატფორმასთან. დისკუსიების ფარგლებში გამოიკვეთა დამსაქმებლების, დასაქმებულების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და რეგიონული ხელისუფლების როლი წრიული ეკონომიკის განვითარებასა და ინკლუზიური, მაღალი ხარისხის ევროკავშირის პოლიტიკისა და კანონმდებლობის შემუშავებაში.
გარდა ამისა, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გუნდისა და წევრი კომპანიების წარმომადგენლები მეხელენ-კემპენის სავაჭრო-სამრეწველო პალატას ესტუმრნენ, სადაც პასუხისმგებლიანი ბიზნესის ქცევის, წრიული ეკონომიკის, მეწარმეობის, ციფრული ტრანსფორმაციისა და ექსპორტის განვითარების პრაქტიკულ მიდგომების შესახებ იმსჯელეს.
ვიზიტი განხორციელდა შვედეთის დაფინანსებით, პროექტის – „ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის“ ფარგლებში.