GE

,,სიდა“ მონაწილეობას იღებს კონფერენციაში Global Compact +15 Europe

13-14 ოქტომბერს, ბერლინში, გაეროს გლობალური შეთანხმების (UN Global Compact) ორგანიზებით, იმართება კონფერენცია Global Compact +15 Europe, რომელშიც მონაწილეობას იღებს ,,სიდას” წარმომადგენელი, სალომე ზურაბიშვილი.

“სიდა”, როგორც გაეროს გლობალური შეთანხმების წევრი და ორგანიზაციის პარტნიორი გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელის საქართველოში დაარსებაში, ჩართულია კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილი საკითხების განხილვაში, რომელიც ეხება კორპორაციული მდგრადობისა და გაეროს გლობალური შეთანხმების მომავალს ევროპაში.

კონფერენციის ფარგლებში, ხდება ინფორმაციის გაცვლა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით საუკეთესო პრაქტიკაზე, მდგრადი ბიზნეს საქმიანობის წარმართვისა და ბიზნესის ყოველდღიურ ოპერაციებში მდგრადობის კომპონენტის ინტეგრირებაზე.

კონფერენციას ესწრება გაეროს გლობალური შეთანხმების აღმასრულებელი დირექტორი, ევროპის მასშტაბით წამყვანი ბიზნესის წარმომადგენლები, გერმანიის მთავრობის წარმომადგენლები, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში წამყვანი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები.

,,სიდა”, ასევე, მიწვეულია გლობალური შეთანხმების ევროპის ადგილობრივი ქსელების რეგიონულ შეხვედრაზე (Europe – Local Networks Regional Meeting) რომელიც 15-16 ოქტომბერს ბერლინში გაიმართება.

„სიდა“ გაეროს გლობალურ შეთანხმებას 2015 წლის 12 აგვისტოს შეუერთდა და იმავე თვეში დაიწყო მოლაპარაკება გაეროს გლობალური შეთანხმების ცენტრალურ ოფისთან, რათა საქართველოში დაარსდეს გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელი.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით ,,სიდას” მიერ განხორციელებული აქტივობები მხარდაჭერილია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მიერ.

გააზიარე: