GE

ტანსაცმლის წარმოებიდან მოლოტოვის კოქტეილამდე – როგორ ეხმარებიან უცხოური კომპანიები უკრაინას ომში

ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში, რომელიც 2022 წლის ომამდე ბევრი უცხოელი ინვესტორის ინტერესის საგანს წარმოადგენდა, დღეს რთული ეკონომიკური და ჰუმანიტარული მდგომარეობაა. მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, 2009 წლიდან 2013 წლამდე უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტი 57%-ით გაიზარდა და 190.5 მლრდ დოლარი შეადგინა. 2014 წელს ყირიმის ანექსიამ, რომელსაც 14 000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ქვეყანა უმძიმესი მდგომარეობის წინაშე დააყენა, როდესაც მშპ განახევრდა და 2015 წელს 91.03 მილიარდი დოლარი შეადგინა.

უკრაინამ, რომელიც მებრძოლი ადამიანების ქვეყანაა, იმის ფონზეც კი, რომ 2014 წლის შემდეგ ქვეყანაში ტურისტების ყოველწლიური რაოდენობა 26.03 მილიონიდან 13.23 მილიონამდე განახევრდა, 2021 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 164.52 მილიარდ დოლარამდე გაზრდა შეძლო.

მოცემული სტატისტიკის უკან კი ის ადამიანები და კომპანიები დგანან, რომლებიც 2014 წლის შემდეგ, კონფლიქტის პირობებში აგრძელებდნენ ცხოვრებას და მუშაობს. 24 თებერვალს დაწყებული ომის შემდეგ, უკრაინაში მოქმედი ბევრი უცხოური კომპანია ქვეყნის მხარდასაჭერ აქტივობებზე მყისიერად გადავიდა.

ახალმა რეალობამ, ახალი საჭიროებები შექმნა. ტანსაცმლის მწარმოებელმა კომპანია Trotolla-მა, რომელიც ამარაგებს ისეთ ბრენდებს როგორიცაა Zara, მათი საწარმოო შენობა მოლოტოვის კოქტეილების დასამზადებლად გადააკეთა, რომლის მომზადების რეცეპტი უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახადა საჯარო. ამ საწარმოში შეხვდებით მრავალი სხვადასხვა პროფილის პროფესიონალს, კომპანიის ხელმძღვანელებს, რომლებიც ოჯახებთან ერთად თავისუფალ დროს რუსი სამხედროებისა და მათი სამხედრო ტექნიკისთვის განკუთვნილ „ეგზოტიკურ სასმელს“ ამზადებენ.

Metro AG, რომელიც გერმანული ტრანს-ნაციონალური კომპანიაა და მართავს რითეილ მაღაზიათა ქსელს, უკრაინაში წარმოდგენილია Metro Ukraine-ის სახით. კომპანია მიუხედავად უკიდურესად რთული ლოგისტიკური ბარიერებისა, ყოველდღიურად აწვდის მოქალაქეებსა და უკრაინის არმიას უფასო საკვებს. KFC და McDonald’s აქტიურად არიან ჩართულები საკვების დონაციით. მიუხედავად იმისა, რომ მათ დაკეტეს უკრაინაში არსებული ყველა რესტორანი, მათი სამზარეულოები განაგრძნობენ მუშაობას რათა მიაწოდონ საკვები ადგილობრივ მოსახლეობას.

უკრაინის რესტორნების ფედერაცია, კიევის 21 რესტორნიდან ყოველდღიურად უზრუნველყოფს 15 ათასი პორციის მიწოდებას ბავშვთა სახლებისთვის, სამედიცინო დაწესებულებებისთვის, თავშესაფარში მყოფი სამოქალაქო პირებისთვის, თავდაცვის დანაყოფებისთვის, ეროვნული პოლიციისა და შეიარაღებული ძალებისთვის.

გამორჩეული მხარდაჭერის მაგალითია Space X-ის მიერ უკრაინის მთლიან ტერიტორიაზე უფასო ინტერნეტის მიწოდება სატელიტური აღჭურვის სისტემა Starlink-ით. Airbnb გამოყო დროებითი საცხოვრებელი 100 000 უკრაინელი ლტოლვილისთვის და მათი პასუხისმგებლობიანი ქცევა მისაბაძი მაგალითი გახდა კომპანიის მომხმარებლებისთვის, რომლებიც მასიურად ჯავშნიდნენ უკრაინაში ბინებს და ამით აძლევდნენ დაზარალებულ მოსახლეობას ფინანსური სარგებლის მიღების შესაძლებლობას. ამერიკულმა რითეილერმა Etsy-მა 4 მილიონი დოლარის დავალიანება გაუუქმა უკრაინელ მწარმოებლებს.

Levi’s რომელმაც სრულად შეაჩერა რუსულ ბაზარზე გაყიდვები, რაც მისი შემოსავლის 2%-ს შეადგენდა, მისი უკრაინელი თანამშრომლებისა და მათი ოჯახებისთვის $300 000 ჰუმანიტარული დახმარება გამოყო.

Eurostar, ბრიტანული სატრანსპორტო ოპერატორი, სრულად უფინანსებს იმ უკრაინელებს ლონდონში მგზავრობას, რომლებიც ბრიტანეთის ვიზას ფლობენ.

საერთაშორისო კომპანიების ჩამონათვალი, რომლებიც ყოველდღიურად ეხმარებიან უკრაინას საბედნიეროდ საკმაოდ გრძელია. თუმცა რუსეთში კვლავ აგრძელებენ მუშაობას კომპანიები: Subway, Reebok, Nestle, LG, Asus და სხვები.

ომის დაწყებიდანვე უამრავი კომპანია მზად იყო დახმარებოდა უკრაინას ფინანსური თუ ჰუმანიტარული რესურსით, თუმცა სირთულეს წარმოადგენდა ამ პროცესების სანდო შუამავლის მოძიება. უკრაინის ეროვნულმა ბანკმა გახსნა სპეციალური ანგარიში, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევდა დახმარებოდნენ უკრაინის არმიას. 14 მარტის მდგომარეობით მობილიზებულმა თანხამ $ 399 293 710 შეადგინა, რომელიც გადანაწილებულ იქნა სამხედრო და ჰუმანიტარული მიმართულებით.

გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ, რომელიც მსოფლიოში კორპორაციული მდგრადობის ყველაზე დიდი ინიციატივაა და აერთიანებს 16 000-მდე ბიზნესს, შეიქმნა უკრაინის ჰუმანიტარული კრიზისის ბიზნესის გზამკვლევი. OCHA – გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისთან თანამშრომლობით შექმნილი სახელმძღვანელო ითვალისწინებს უკრაინის ჰუმანიტარული კრიზისის გადაჭრისთვის კონკრეტულ ქმედებებს ბიზნესისთვის:

კერძო სექტორმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თუ რა მნიშვნელოვანი როლი აკისრია პასუხისმგებლიან ბიზნესს საყოველთაო კეთილდღეობის უზრუნველყოფაში. როგორც არ უნდა დასრულდეს ეს ომი, მასში უკრაინა აუცილებლად იქნება გამარჯვებული, თუმცა სამყარო სამუდამოდ შეიცვალა. ჩვენ ვერასოდეს დავბრუნდებით ადრე არსებულ სტატუს კვოში. დამოკიდებულება რუსეთის მიმართ აუცილებლად იქნება განსხვავებული და ევროპის აღქმაც უსაფრთხოების მიმართაც რადიკალურად შეიცვლება, ხოლო ლიბერალურმა, საერთაშორისო სამართლის წესებზე დაფუძნებულმა წესრიგმა შესაძლოა თავიდან აღმოაჩინოს თავისი მნიშვნელობა, რომლისთვისაც იყო თავდაპირველადვე შექმნილი.
დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!

სტატია მომზადებულია რატი ზაუტაშვილის, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ბიზნესთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელის მიერ, USAID/EWMI სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით.

გააზიარე: