GE

თბილისში საერთაშორისო კონფერენცია Uniting Business Europe გაიმართა

9 ოქტომბერს, საქართველოში პირველად, გაეროს გლობალური შეთანხმებისა და  საქართველოს ქსელის ორგანიზებით, ევროპის სხვა ადგილობრივ ქსელებთან პარტნიორობით, საქართველოში  საერთაშორისო კონფერენცია „Uniting Business Europe” გაიმართა

კონფერენციაზე გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში მიღწეული პროგრესი შეაფასეს და პარტნიორობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.  

დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ და გაეროს გლობალური შეთანხმების აღმასრულებელმა დირექტორმა, სანდა ოჯიამბომ, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა და გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა მიმართეს.  

გაეროს გლობალური შეთანხმების აღმასრულებელმა დირექტორმა საქართველოს ქსელს –  კონფერენციის ორგანიზებისთვის, ხოლო დამსწრეებს – მისი შეფასებით, კრიტიკულად მნიშვნელოვან დიალოგში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. სანდა ოჯიამბომ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში კერძო სექტორისა და საერთო ძალისხმევის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ისაუბრა გამოწვევებზეც და აღნიშნა, რომ გლობალური კრიზისი, ომი, ეკონომიკური არასტაბილურობა და კლიმატის ცვლილება კერძო და საჯარო სექტორს ერთნაირად უქმნის საფრთხეს.  

მისი განცხადებით, უახლესი ანგარიშის მიხედვით, მდგრადობის მიღწევის გზაზე, კომპანიებს ხელმძღვანელობა და მხარდაჭერა ესაჭიროებათ.  

„უფრო მეტი კომპანია აცნობიერებს, რომ მდგრადი ბიზნესის წარმოების მიზნად დასახვით, მათ შეუძლიათ შექმნან კონკურენტული უპირატესობა, უკეთ მოახდინონ კაპიტალის მობილიზება და გლობალურ ბაზრებზე მოწინავე პოზიციაზე პოზიციონირება. ჩვენი კორპორაციული მდგრადობის მოძრაობა სწრაფად იზრდება და დღეს, გაეროს გლობალურ შეთანხმებას 62 ადგილობრივი ქსელი და  160-ზე მეტი ქვეყნის 18 ათასზე მეტი მონაწილე ჰყავს ბიზნეს სექტორიდან. შეთანხმების მონაწილე ბიზნესის წარმომადგენლების ნახევარზე მეტი ევროპას წარმოადგენს. დივერსიფიცირებული ეკონომიკით, კულტურითა და ინდუსტრიებით, ევროპა წარმოადგენს დინამიურ ჰაბს მდგრადი ბიზნესისა და მულტისექტორული პარტნიორობებისთვის. საერთაშორისო კონფერენცია Uniting Business Europe სწორედ ამ თანამშრომლობის სულისკვეთებას ატარებს.“

განაცხადა ვიდეომიმართვისას სანდა ოჯიამბომ.

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და კონფერენციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება 

„საერთაშორისო კონფერენციის მასპინძლობა დიდი პატივია გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისთვის. გაეროს გლობალურ შეთანხმებაზე ხელმოწერით, თითოეული ჩვენგანი გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის ერთგული ვხდებით. ეს პრინციპები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს, როგორიცაა ადამიანის უფლებები, შრომითი უფლებები,  გარემოს დაცვა და კორუფციასთან ბრძოლა. ჩვენი თანამშრომლობა მნიშვნელოვანია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. ჩვენ აქ არ ვართ მხოლოდ სასაუბროდ –  აქ ვართ, რომ ერთმანეთს მოვუსმინოთ, ერთმანეთისგან ვისწავლოთ და გავუზიაროთ საუკეთესო პრაქტიკა“ – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პროგრესი ცხადია, თუმცა, ის არ არის სასურველი ტემპისა და მასშტაბის. მისივე თქმით,  გასული რვა წლის განმავლობაში, დასახული მიზნების მხოლოდ 15 პროცენტი იქნა მიღწეული.  

„ისეთი გამოწვევების ფონზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, გლობალური პანდემია, გაუარესებული სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა, კორუფცია და კონფლიქტები, ჩვენ  უპრეცენდენტო რღვევისა და ტრანსფორმაციის ეპოქის წინაშე დავდექით. გლობალური კრიზისი გავლენას ახდენს მდგრადი განვითარების დღის წესრიგზეც და ჩვენ ამ გამოწვევებს უნდა ვუპასუხოთ.  

იმის მიუხედავად, რომ 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების მიზნების სრულად მიღწევა ჯერ კიდევ შესაძლებელია, პროგრესის მკვეთრად დასაჩქარებლად, საჭიროა გადაუდებელი, მასშტაბური ქმედება და  თანამშრომლობის გაფართოება. საჭიროა თამამი ლიდერობა, ტრანსფორმაციული ბიზნეს მოდელები და ეკონომიკები,  რათა ხელი შეეწყოს სამართლიანობას, ინკლუზიურობას და   არავინ დარჩეს განვითარების მიღმა (Leaving no one behind). 

საერთაშორისო კონფერენცია Uniting Business Europe სწორედ ის პლატფორმაა, სადაც ევროპაში მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელებაში კერძო სექტორის გავლენას შევაფასებთ და ვიმსჯელებთ, თუ რა კრიტიკული როლი აქვს კრიზისის დროს ბიზნესის ლიდერობას, პრინციპებზე დაფუძნებულ მიდგომას, გლობალურ ტენდენციებს, მექანიზმებს და პარტნიორობას 2030 წლის დღის წესრიგის სრულად მისაღწევად“

განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, პანელური დისკუსიები გაიმართა, სადაც სხვა კერძო სექტორის მიერ მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების პროგრესზე, ევროკავშირში კორპორაციული მდგრადობის რეგულაციებზე, ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაზე, მდგრად დაფინანსებაზე, მდგრადი შესყიდვების პრაქტიკაზე, განახლებად ენერგიაზე გადასვლის დაჩქარებაზე და კრიზისის დროს ბიზნესის ლიდერობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.  

Uniting Business Europe-ში მონაწილეობა მიიღეს გაეროს გლობალური შეთანხმების წევრებმა და დაინტერესებულმა მხარეებმა: ადგილობრივმა და გლობალურმა ბიზნეს ლიდერებმა; ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა; დიპკორპუსის წარმომადგენლებმა, კორპორაციული მდგრადობის ექსპერტებმა; სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელების წარმომადგენლებმა ევროპიდან, ჩრდილოეთ ამერიკიდან და ცენტრალური აზიიდან. 

საერთაშორისო კონფერენცია ორგანიზებული იყო შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) თანადაფინანსებით USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში. 

ღონისძიების გენერალური სპონსორები იყვნენ: თიბისი ბანკი, Rooms Hotels, Sustainera Solutions, NEQSOL HOLDING და TEGETA HOLDING.  

სპონსორები: „საქართველოს ბანკი“, BDO საქართველო, „ვანდერნეტ ექსპრესი“, LU-MUN HOLDING და „ელიტ ელექტრონიქსი“.  

საერთაშორისო კონფერენციის საინფორმაციო მხარდამჭერები იყვნენ: ბიზნესფორმულა, ბიზნეს მედია საქართველო (ბიემჯი), კავკაზუს ბიზნეს ვიქი, „კომერსანტი“, ფორტუნა ჰოლდინგი, ბიზნეს ინსაიდერი, ჯორჯია თუდეი და ბიზნესპარტნიორი.

გააზიარე: