GE

ცირკულარული ეკონომიკის დანერგვის მნიშვნელობა

ცირკულარული ეკონომიკის იდეა წარმოიშვა 1970-იან წლებში სამრეწველო წარმოებისთვის საწვავის მოხმარების შემცირების იდეიდან, მაგრამ მისი გამოყენება პოტენციურად შეიძლება ნებისმიერ რესურსზე. ცირკულარული ეკონომიკა მხოლოდ ნარჩენების შემცირება და გარემოს დაცვა არ არის, ის ბევრად ფართო არეალს მოიცავს, რაც გულისხმობს ტრადიციული ეკონომიკის მუშაობის სრულ ტრანსფორმაციას. ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლა, სადაც პროდუქტების, მასალების და რესურსების ღირებულება შენარჩუნებულია დიდი ხნის ვადით და ნარჩენების წარმოქმნა მინიმუმამდეა დაყვანილი, არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გრძელვადიან პერსპექტივაში კონკურენტუნარიანი, მდგრადი, დაბალი ნახშირბადის და რესურსეფექტური ეკონომიკის მშენებლობისთვის.

გადამუშავების შემდეგ, ცირკულარი ეკონომიკა ეყრდნობა ისეთი მასალების გამოყენებას, რომელთა ხელახლა შეტანა პროდუქტის წარმოების ციკლში მეორადი ნედლეულის სახით შესაძლებელია. ის, რაც ოდესღაც ნარჩენად ითვლებოდა, ძალიან მარტივად შეიძლება გახდეს უმნიშვნელოვანესი და ღირებული რესურსი. ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლისთვის უპირობოდ სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ინოვაციური მიდგომების დანერგვა, რაც საშუალებას აძლევს კომპანიებს გახდნენ რესურსეფექტურები და ამასთანავე შექმნან ღირებული პროდუქტი, რომელიც დააკმაყოფილებს ბაზრის მოთხოვნებს.

მაინც რატომ არის საჭირო ცირკულარულ ეკონომიკაზე ტრანსფორმაცია და რას ემსახურება იგი?

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მოხდეს ბუნების მწირი რესურსების ამოწურვის პროცესის შენელება, ასევე, შემცირდეს გარემოს დაბინძურება, რასაც განაპირობებს ამა თუ იმ პროდუქტის წარმოება. ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასასვლელად საჭიროა რიგი ცვლილებების გატარება, რაც გულისხმობს ეკონომიკის ტრანსფორმაციისთვის შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებასა და ასევე, უშუალოდ კომპანიების მხრიდან ბიზნეს ხედვის და პროცესების ცირკულარული ეკონომიკის დანერგვისკენ ადაპტირებას, რაც შესაბამის ფინანსურ თუ სხვა სახის რესურსს მოითხოვს. ცირკულარული ეკონომიკის მოდელი არსებობს იმისთვის, რომ შექმნას ღირებულება ისე, რომ გამოიყენოს რაც შეიძლება ნაკლები რესურსი. შესაბამისად, კომპანიებს შეუძლიათ შეამცირონ გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება და შექმნან ალტერნატიული ღირებულების წინადადება. ეს სრულად გულისხმობს კომპანიის მიერ რესურსების გამოყენების პროცესის ცვლილებას. OECD-ის მიხედვით არსებობს 5 ბიზნეს მოდელი, რაც საჭიროა ცირკულარული ეკონომიკის დანერგვისთვის. 1. ცირკულარული მიწოდების მოდელი, რაც ტრადიციულს ჩაანაცვლებს განახლებადი და ბიოლოგიურად სუფთა რესურსებით; 2. რესურსაღმდგენი მოდელები, რომლებიც იყენებენ ნარჩენების ნაკადებს მეორადი მასალების წარმოებისთვის; 3. პროდუქტის სიცოცხლის გახანგრძლივებით, რაც გულისხმობს უფრო გამძლე პროდუქტების დამზადებას ან ისეთი პროდუქციის წარმოებას, რომლის ხელახლა გამოყენება, შეკეთება, განახლება და ხელახალი გადამუშავებაა შესაძლებელი; 4. გაზიარების მოდელი, რომელიც გულისხმობს ნაკლებად ათვისებული საქონლის უფრო ინტენსიურ გამოყენებას, ერთმანეთთან გაზიარების გზით; 5. სერვისები, პროდუქციის წარმოების ნაცვლად.

დღესდღეობით არაერთი დიდი კომპანია ცდილობს გადავიდეს ცირკულარული ეკონომიკის მოდელის დანერგვაზე. IKEA-მ 2020 წლიდან დანერგა ახალი პროგრამა სახელწოდებით Buy Back, რაც გულისხმობს მომხმარებლების მიერ ძველი ავეჯის დაბრუნების სერვისს, რის სანაცვლოდ მყიდველი იღებს პროდუქტში თავდაპირველად გადახდილი თანხის 50%-ს, კომპანიის ვაუჩერის სახით. დაბრუნებული ავეჯი გადამუშავდება და ნაწილით ეხმარებიან ადგილობრივ მოსახლეობას, ვისაც პროდუქცია სჭირდება. აღნიშნული პროგრამა დაინერგა 27 ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, კანადაში, იაპონიასა და ავსტრალიაში.

მოდის ინდუსტრია ბოლო წლებში ხშირად წარმოადგენს კრიტიკის საგანს, ამ სფეროს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების გამო. შესაბამისად, ინდუსტრიის დიდმა მოთამაშეებმა დაიწყეს ცირკულარული ეკონომიკის მოდელზე გადასვლა. ამის კარგი მაგალითია, კომპანია Adidas, რომელმაც გამოუშვა სპორტული ფეხსაცმლის ახალი მოდელი Ultraboost, რომელიც 50%-ით წარმოებულია ოკეანის პლასტმასის ნარჩენითა და 50% – გადამუშავებული პოლიესტერით.

ძალიან საინტერესო კამპანიას გეგმავს სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია North Face. კამპანიის სახელწოდებაა Renewed, რაც გულისხმობს ნახმარი ტანსაცმლის გადამუშავებას, მისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭებას და ასეთი კოლექციის ბევრად დაბალ ფასში მომხმარებლებისთვის შეთავაზებას.

სტატია მომზადდა გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ USAID/EWMI სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით.

გამოგვყევით გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის Facebook გვერდზე  https://www.facebook.com/GCNgeorgia 

გააზიარე: