GE

სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში

20-24 აპრილს ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა სალომე ზურაბიშვილმა და მდგრადობისა და პარტნიორობის მიმართულების ხელმძღვანელმა ნინო კვანტრიშვილმა შეხვედრები გამართეს ევროკომისიაში, ევროპარლამენტში, საქართველოს საელჩოში ბელგიის სამეფოსა და ნატოსთან საქართველოს წარმომადგენლობაში.

შეხვედრები გაიმართა ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას ოფისთან, ევროპარლამენტის დემოკრატიის მხარდაჭერის დირექტორატის ადამიანის უფლებების განყოფილების, აღმოსავლეთ ევროპის განყოფილების,  საპარლამენტო მხარდაჭერისა და შესაძლებლობების გაზრდის განყოფილებისა და ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის წარმომადგენლებთან. ევროკომისიაში შეხვედრები შედგა შიდა ბაზრის, ინდუსტრიის,  მეწარმეობისა და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების გენერალური დირექტორატის პოლიტიკის ოფიცერთან. ასევე გაცნობითი შეხვედრა გაიმართა ევროკომისიის კლიმატის გენერალური დირექტორატის პოლიტიკის ოფიცერთან.

შეხვედრებზე განხილულ იქნა საქართველოში კერძო სექტორის როლი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევასა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაში;  მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე ქართული კომპანიების, ევროკავშირსა და ევროპარლამენტში სხვადასხვა დირექტივისა და კანონის გაცნობის, ასევე მათი წარმოჩენის მიზნით, ვიზიტების ორგანიზების შესაძლებლობა; საქართველოს ქსელის მიერ განხორციელებული წარმატებული პროექტები, ქვეყანაში კორპორაციული მდგრადობის პოპულარიზაციის მიმართულებით.

ვიზიტის შედეგად დაიგეგმა აქტივობები, რომლებიც მიზნად ისახავს ქართული კერძო სექტორის შესაძლებლობების გაზრდას მათი ევროპულ ინსტიტუტებთან კიდევ უფრო დაახლოებით. რაც თავის მხრივ ასევე ხელს შეუწყობს ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების კერძო სექტორის მხრიდან ეფექტიანად შესრულებას.  

სამუშაო ვიზიტი ორგანიზებული იყო გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.

გააზიარე: