GE

გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა ლიდერობის შესახებ მულტისექტორული დიალოგი გაიმართა

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით,  24 მარტს,  გაიმართა მულტი-სექტორული დიალოგი თემაზე – „ქალთა ლიდერობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში: როგორ დავამსხვრიოთ ე.წ. შუშის ჭერი“. 

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის დირექტორმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩმა ულრიკ ტიდერსტრომმა, USAID/EWMI სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ანა წურწუმიამ და პარლამენტის წევრმა, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანმა გახსნეს. 

შეხვედრა ჩატარდა გლობალური ინიციატივის – Target Gender Equality-ის ფარგლებში და მასში მონაწილეობა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრმა ბიზნესებმა, მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მიიღეს. 

გლობალური ინიციატივა Target Gender Equality გაეროს გლობალური შეთანხმების წევრი კომპანიებისთვის მოქმედი აქსელერატორ პროგრამაა, რათა მათ გააღრმავონ Women Empowerment Principles (ქალთა გაძლიერების პრინციპების) განხორციელება და გაამყარონ საკუთარი წვლილი მდგრადი განვითარების 5.5 მიზნის (SDG) მიღწევაში, რომელიც 2030 წლისთვის ქალთა სრულ მონაწილეობას და ლიდერობის თანაბარ შესაძლებლობებს ითვალისწინებს. 

საქმიანობის ანალიზის, შესაძლებლობების განვითარების სემინარების, კოლეგებთან ურთიერთობით სწავლებისა და ადვოკატირების მეშვეობით, Target Gender Equality დღეისთვის 40-ზე მეტ ქვეყანაში 800-ზე მეტ კომპანიას ეხმარება ამბიციური მიზნების დასახვასა და მათ მიღწევაში. 

დიალოგის ფარგლებში, მომხსენებლებმა განიხილეს საქართველოში არსებული პოლიტიკა, რომელიც ხელს უწყობს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასა და მათ წარმომადგენლობას გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე. დისკუსიის მონაწილეებმა განიხილეს არსებული გამოწვევები და პოლიტიკის შემუშავების შესაძლებლობები. პანელში მონაწილეობა  გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს, საქართველოს საფონდო ბირჟისა და საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა მიიღეს. პანელს მოდერირებას  „საქართველოს პროგრესული ფორუმის“ თავმჯდომარე, დიმიტრი ცქიტიშვილი უწევდა. 

დიალოგის ფარგლებში, ასევე, განიხილეს ბიზნეს სექტორში არსებული პრაქტიკა, რომელიც ხელს უწყობს ქალთა გაძლიერებას სამუშაო ადგილზე, ბაზარსა და საზოგადოებაში. გლობალური შეთანხმების საქართველოს წევრი ბიზნესის წარმომადგენლებმა ისაუბრეს შუშის ჭერის დამსხვრევასა და გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალთა წარმომადგენლობის მნიშვნელობაზე.  

დისკუსიაში მონაწილეობა „თიბისი ბანკმა“, „აჭარა ჯგუფმა“, „ჩიკატაიმ“ და „საქართველოს ადვოკატებმა დამოუკიდებელი პროფესიისთვის“ მიიღო. პანელის მოდერატორი იყო გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი – სალომე ზურაბიშვილი. 

ღონისძიება შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით და USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამასთან (CSEP) თანამშრომლობით გაიმართა. 

გლობალურად ბიზნესში ქალების ამჟამინდელი მდგომარეობის შესწავლისას, Deloitte-ისა და Grant Thornton-ის კვლევები ცხადყოფს, რომ ქალები იკავებენ მმართველი გამგეობების/საბჭოების ადგილების მხოლოდ 17%-ს, ხოლო მსოფლიოს კომპანიების წამყვან პოზიციებზე ქალები 10-დან 3 პოსტზე ნაკლებს იკავებენ. 

2015 წელს, McKinsey Global Institute-მა გამოაქვეყნა კვლევა, სადაც აღნიშულია, რომ თუ ქალთა მონაწილეობა გლობალურ ეკონომიკაში 2025 წლისთვის კაცებთან თანასწორი გახდებოდა, გლობალური წლიური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 28 ტრილიონი აშშ დოლარით გაიზრებოდა. 

გაეროს გლობალური შეთანხმების იმპლემენტაციის კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესები წამყვან პოზიციას იკავებენ გენდერული თანასწორობის ამოცანების დასახვაში. 

კვლევამ დაადგინა, რომ 25 მილიონ აშშ დოლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე კომპანიები ადგენენ გენდერული თანასწორობის ყველაზე ამბიციურ მიზნებს: მათი 80% მიზნად ისახავს ქალების 30%-ზე მეტის წარმომადგენლობის მიღწევას C-Suite და აღმასრულებელი მენეჯმენტის დონეზე, 1 მილიარდ დოლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე კომპანიების 66%-თან შედარებით. 

გარდა ამისა, ყველაზე პატარა კომპანიების ბიზნეს ლიდერები უფრო ადრე ისახავენ მიზნად თავიანთი წარმომადგენლობითი მიზნების მიღწევას, ვიდრე მსხვილი კომპანიების: ყველაზე მცირე კომპანიების 85% მიზნად ისახავს C-Suite და აღმასრულებელი მენეჯმენტის დონეზე ქალების წარმომადგენლობის მიზნის მიღწევას 2021-2025 წლებში, იმ კომპანიების 67%-თან შედარებით, რომელთა წლიური შემოსავალი 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია. 

მცირე და საშუალო საწარმოების უახლოესი დროისთვის დასახული ამბიცია ქმნის აუცილებელ საფუძველს გენდერულად დაბალანსებული სამუშაო ძალის შესაქმნელად. გენდერული ბალანსისადმი მათი ერთგულება არის სამაგალითო ნიმუში, სამუშაო ძალაში მრავალფეროვნების სისტემური დანერგვისთვის. 

Სტატია მომზადდა გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ USAID/EWMI სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით. 

გააზიარე: