GE

„Sustainability Spotlight“ – საქართველოში პირველი ჟურნალი კორპორაციული მდგრადობის შესახებ

8 აპრილს, კორპორაციული მდგრადობის შესახებ საქართველოში პირველი ჟურნალის – „Sustainability Spotlight“-ის ახალი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა.

ჟურნალი გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით გამოდის. „Sustainability Spotlight”, ძირითადად, ქსელის წევრ კომპანიების საქმიანობისა და საუკეთესო ბიზნესპრაქტიკის წარმოჩენას ეთმობა. ასევე, წარმოდგენილია მთავრობის ხედვა, ინიციატივები და საქმიანობა მდგრადობის საკითხებზე, ამ მიმართულებით დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობა და საინტერესო სიახლეები კორპორაციული მდგრადობის შესახებ.

ჟურნალი სამი რუბრიკისაგან შედგება: ეკონომიკა, საზოგადოება და გარემოს დაცვა.

დღემდე გამოცემულია ოთხი ნომერი და ჩაწერილია 150-ზე მეტი ინტერვიუ. პირველი ნომერი გლობალურ პანდემიას და ბიზნესის კორპორაციულ პასუხისმგებლობას დაეთმო. მეორე ნომერი მულტისექტორულ პარტნიორულ პროექტებს შეეხებოდა. მესამე ნომრის თემა იყო ეკო-ინოვაციები – „მომავალი მწვანე და ინკლუზიურია“, ეხებოდა საქართველოში, ბიზნეს სექტორში არსებულ ეკო-ინოვაციურ მიდგომებს და განიხილავდა ქვეყანაში ამ მიმართულების განვითარების პოტენციალს. მეოთხე ნომერი დაეთმო კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს –  „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“, სადაც წარმოდგენილნი არიან გამარჯვებული კომპანიები და ჟიურის წევრები. მეხუთე ნომერზე მუშაობა დაწყებულია და უკრაინაში ომს და ამ პერიოდში ბიზნესის კორპორაციულ პასუხისმგებლობას დაეთმობა.

პრეზენტაციას გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრი კომპანიები და მედია საშუალებების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ჟურნალის შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით გამოიცემა. ასევე, სხვადასხვა ნომრის მხარდამჭერები იყვნენ USAID-ი და ევროკავშირი. ჟურნალს ჰყავს პარტნიორი კომპანიებიც – ნომრის სპონსორები. სხვადასხვა ნომრის სპონსორები იყვნენ კომპანიები: „ორიენტ ლოჯიკი“, „თიბისი ბანკი“, „თეგეტა მოტორსი“, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, საქართველოს ბიზნეს პლატფორმა (GBP), „აჭარაბეთი“, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მიკრო ბიზნეს კაპიტალი“ (MBC) და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“.

გააზიარე: